„უკრაინის საზღვართან განლაგებულმა რუსეთის შეიარაღებული ძალების ზოგიერთმა ქვედანაყოფმა თავდასხმის პოზიციებზე გადასვლა დაიწყო“, - ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CBS News აშშ-ის ხელისუფლებაში ოფიციალურ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
„CBS News-თვის ცნობილი გახდა, რომ რუსეთის შეიარაღებული ძალების ზოგიერთმა ქვედანაყოფმა კონცენტრირების ადგილი დატოვა და თავდასხმის პოზიციებზე გასვლა დაიწყო“, - ნათქვამია ტელეკომპანიის განცხადებაში.
14 თებერვალს, ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა, ჯეიკ სალივანმა განაცხადა, რომ რუსეთს ნებისმიერ დროს შეუძლია უკრაინაში შეჭრა და თავდასხმისთვის მოულოდნელი საბაბის შექმნა.
უკრაინის მახლობლად რუსეთმა 100 000-ზე მეტი ჯარისკაცი განათავსა. ოფიციალურმა ვაშინგტონმა არაერთხელ განაცხადა, რომ უკრაინაში რუსეთის შეჭრა გარდაუვალია. მოსკოვი უარყოფს მსგავს გეგმებს და დასავლეთს „ისტერიაში“ ადანაშაულებს.
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა და უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ სატელეფონო საუბარი გამართეს. პრეზიდენტმა ბაიდენმა მკაფიოდ განაცხადა, რომ შეერთებული შტატები თავის მოკავშირეებთან და პარტნიორებთან ერთად სწრაფად და მტკიცედ უპასუხებენ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ნებისმიერ შემდგომ აგრესიას.