თბილისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა საქართველოს პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და საფრანგეთის მოქალაქეების დიდი ოდენობით ფულადი თანხების თაღლითურად დაუფლების და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე ორი ფიზიკური პირი და ერთი იურიდიული პირი დამნაშავედ ცნო, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, სასამართლო პროცესზე წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ არარეზიდენტი ფიზიკური პირების ფულადი თანხების მოტყუებით დაუფლების მიზნით, მ.კ-მ საქართველოში დააფუძნა უცხოური საწარმოს მსგავსი დასახელების იურიდიული პირი, რომლის სახელზეც საბანკო ანგარიშები გახსნა საქართველოში მოქმედ საბანკო დაწესებულებებში.
მ.კ-მ და დ.კ-მ, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებთან ერთად, საფრანგეთის ოთხი მოქალაქე სატელეფონო კომუნიკაციის მეშვეობით დაარწმუნეს კრიპტოვალუტით ვაჭრობის სფეროში მომგებიანი ინვესტიციების განხორციელებაში, რის შედეგადაც 2018 წლის 21 მარტიდან 2018 წლის 27 აპრილამდე, საფრანგეთის მოქალაქეებს ჯამში 159 905 ევრო (476 281 ლარი) მოტყუებით ჩაარიცხინეს მ.კ-ს მიერ დაფუძნებული საწარმოს ანგარიშზე, რომელსაც მ.კ. და დ.კ. მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლნენ. შემდგომში კი, აღნიშნული თანხა დ.კ-მ პირადი საბანკო ანგარიშიდან სწრაფი ფულადი გზავნილების სახით ისრაელში ოჯახის წევრების სახელზე გადარიცხა. აღნიშნული ქმედებებით, მ.კ-მ და დ.კ-მ ჯამში 73 995 ევროს და 13 100 აშშ დოლარის (253 055 ლარი) უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია მოახდინეს.
სასამართლომ მ.კ. და დ.კ. დამნაშავედ ცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 194-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად 11 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა. მათვე დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრათ ჯარიმა თითოეულს 20 000 ლარის ოდენობით.
ამავე განაჩენით, იურიდიული პირი დამნაშავედ იქნა ცნობილი სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით, რომელსაც 3 წლით ჩამოერთვა საქმიანობის უფლება და დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა 100 000 ლარის ოდენობით.