logo_geo
eng_logo
ზაზა მარიდაშვილი - დღეს „ბინძური პოლიტიკა“ ე.წ. ოპოზიციაშია
- +

15 თებერვალი. 2022. 12:41

 

„დღეს „ბინძური პოლიტიკა“ ე.წ. ოპოზიციაშია. დაგვრჩა ერთი და უმთავრესი ნაბიჯის გადადგმა - „ბინძური პოლიტიკის“ პოლიტიკური ველიდან სრული გაძევება და ამ ველის ჯანსაღი და პროფესიონალი ძალებით გაჯერება“ - წერს სოციალურ ქსელში იურისტი ზაზა მარიდაშვილი.

მისი თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ მოახერხა გაერღვია „ბინძური პოლიტიკის“ მიერ აგებული ციხესიმაგრე და ის ძალაუფლებას ჩამოაშორა:

„დამოუკიდებელი საქართველოს პირველივე წლებში გავრცელდა მოსაზრება, რომ „პოლიტიკა ბინძური საქმეა“; საზოგადოებამ, რომელიც ნაკლებად ერკვეოდა პოლიტიკის საფუძვლებში (გავლილი კომუნისტური ეპოქის დამსახურებით) ეს დამოკიდებულება სწრაფად აიტაცა და საბოლოოდ გარკვეულ ნორმად ჩამოაყალიბა; შეიძლება თუ არა პოლიტიკა იყოს ბინძური საქმე? თუ გავითვალისწინებთ, რომ „პოლიტიკა“ ნიშნავს საზოგადოებისა და სახელმწიფოს მართვის ხელოვნებას და მასზეა დამოკიდებული ქვეყნისა და თითოეული მოქალაქის კეთილდღეობა, მაშინ ადვილად დავასკვნით, რომ შეუძლებელია პოლიტიკა იყოს ბინძური საქმე; სიბინძურით ვერც კეთილდღეობა მიიღწევა და ვერც ღირსეული გარემო; შესაბამისად, როგორც ჩერჩილი ამბობდა: ,,ბინძურ პოლიტიკას ბინძური პოლიტიკოსები აკეთებენ“...

სამწუხაროდ, ქართული პოლიტიკა გაჯერდა მართლაც რომ ბინძური საქმეებით დაკავებული პირებით, რომლებმაც ათეული წლების განმავლობაში ხელში ჩაიგდეს ქვეყნის პოლიტიკური სადავეები, შემოფარგლეს პოლიტიკური ველი და საზოგადოების წინ აღმართეს უზნეობის კედელი, ამ გზით პოლიტიკიდან განდევნეს და გამიჯნეს ჯანსაღად და სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ადამიანები. მათ შორის სპეციალისტები, პოლიტოლოგები, მეცნიერები, დარგის პროფესიონალები და ა.შ. სწორედ „ბინძური პოლიტიკოსების“ დამსახურებაა, რომ პოლიტიკისკენ გახედვა არ უნდა ჯანსაღ და პროგრესულად მოაზროვნე ახალგაზრდობას.

ჩემი აზრით, „ბინძური პოლიტიკოსის“ ორი სახეობა არსებობს; პირველი არ მალავს, რომ საკუთარი ინტერესები ამოძრავებს და ამ ინტერესების გამო მზადაა შეგავიწროვოს, დაგაშინოს, ცხოვრება გაგიმწაროს; ასეთი ტიპის „პოლიტიკოსებით“ საქართველო გაჯერებული იყო გასული საუკუნის ოთხმოცდაათიან წლებში - ზვიად გამსახურდიას ხელისუფლების დამხობის შემდეგ; მეორე სახეობის „ბინძური პოლიტიკოსის“ სახე საქართველოში ოცდამეერთე საუკუნის დასაწყისიდან ყალიბდება; იგი შენიღბულია ზოგადსაკაცობრიო და ეროვნული იდეებით, იქმნის სახელმწიფოზე და საზოგადოებაზე მზრუნველის იმიჯს, ნერგავს ფასადურ სიახლეებს; სინამდვილეში კი, მისი თითოეული ნაბიჯი გათვლილია სხვათა განადგურებაზე, ღირსების შელახვაზე, სასტიკ მოპყრობაზე და ამ გზით პირადი ამბიციების დაკმაყოფილებაზე;

ალბათ, გეცნოთ პირველი და მეორე სახეობის „ბინძური პოლიტიკოსების“ სიმბოლოები - კოლექტიური „მხედრიონი“ (ოთხმოცდაათიანებში) და „ნაციონალები“ (ოცდამეერთე საუკუნეში); სწორედ ამ ორი ძალის დიდი მეცადინეობით მოხდა პოლიტიკური ველის ჩაკეტვა და ამ ველში დარჩენილი ჯანსაღი სუბიექტების ეტაპობრივი გამოძევება; ქართულმა ოცნებამ მოახერხა გაერღვია „ბინძური პოლიტიკის“ მიერ აგებული ციხესიმაგრე და ის ძალაუფლებას ჩამოაშორა; თუმცა, სამწუხაროდ, საქართველოში ,,ბინძური პოლიტიკა“ არ განეიტრალებულა; მეტიც, ტრანსფორმირდა და ახალი მახასიათებლები შეიძინა, ოპოზიციური სივრცე დაიკავა და პოლიტიკურ ველზე მოთამაშე სხვა სუბიექტებს ორ შესაძლო ვარიანტს შორის ერთ-ერთის არჩევისკენ უბიძგა: ან „ბინძური პოლიტიკის“ ქოლგის ქვეშ შეყუჟვა ან პოლიტიკურ სივრცეში უმნიშვნელო პოზიციებით დაკმაყოფილება; ამ ყველაფერს კი თან დაერთო „ბინძური პოლიტიკური“ გზებით ხელისუფლებისკენ დაუოკებელი სწრაფვა.

ზემოთ მოხსენიებული ორი პერიოდისგან განსხვავებით, დღეს „ბინძური პოლიტიკა“ ე.წ. ოპოზიციაშია; ეს უკვე ქვეყნისათვის და იგივე პოლიტიკური ველის გაჯანსაღებისთვის უდაოდ წინ გადადგმული ნაბიჯია; დაგვრჩა ერთი და უმთავრესი ნაბიჯის გადადგმა - „ბინძური პოლიტიკის“ პოლიტიკური ველიდან სრული გაძევება და ამ ველის ჯანსაღი და პროფესიონალი ძალებით გაჯერება. დარწმუნებული ვარ, ეს დროც მალე მოვა!“ - წერს ზაზა მარიდაშვილი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner