logo_geo
eng_logo
ირმა ჭკადუა: ძალიან მალე დადგება დრო, როდესაც პაპუაშვილი მისი "უფროსების" ხუშტურებზე არ ივლის
- +

5 აგვისტო. 2016. 13:43


ადვოკატ, ირმა ჭკადუას განცხადებით, საკონსტიტუციო სასამართლოს მალე ისეთი თავმჯდომარე ეყოლება, რომელიც ყველა მოსამართლის სარჩელს იგივე გულმოდგინებით განიხილავს, როგორც დღეს - "ნაცმოძრაობის" სარჩელს.


მისი თქმით, ძალიან მალე ის დრო დასრულდება, როდესაც საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილი მისი უფროსების ხუშტურებზე არ ივლის.


„გიორგი პაპუაშვილის განცხადებები პოლიტიკურად მოტივირებულია. საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეების და უშუალოდ თავმჯდომარის ბოლოდროინდელი განცხადებები პირდაპირ კავშირში და ბმაშია "ნაციონალურ მოძრაობასთან", - აცხადებს ჭკადუა.


საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებები პირდაპირ ასახავს "ნაციონალური მოძრაობის" ნება-სურვილებს. კარგად ვიცით, რომ კონკრეტული ფაქტების გამო ღებულობენ გადაწყვეტილებებს, ითხოვენ კონკრეტული მუხლების გაუქმებას, რაც ზოგადად, სამოქალაქო კოდექსს და ბრუნვას ეჭვქვეშ აყენებს და პრაქტიკულად, თავდაყირა უნდა დადგეს კოდექსი.


ძალიან ბევრი საქმეა იგივე მუხლებით განხილული. წარმოგიდგენიათ, რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუ კონკრეტული ნორმა გაუქმდება. დარწმუნებული ვარ იმაში, რომ "ნაციონალურ მოძრაობას" და უშუალოდ, პაპუაშვილს წინასწარ ჩაფიქრებული გეგმა ჰქონდათ, რომელიც ჩაუვარდათ.


საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ უხერხულ მდგომარეობაში აღმოაჩინა დანარჩენი კოლეგები, რადგან ყველამ ნახა, რომ გამოიკითხა ყველა მათგანი და არც ერთმა დაადასტურა ის ზღაპრები, რომლებსაც პაპუაშვილი უყვებოდა საზოგადოებას. პაპუაშვილმა ღრმა ძილიდან გამოიღვიძა, მიხვდა, რომ გავლენას კარგავდა, მას გასდის ვადა და საეჭვოდ დაემთხვა ეს ყოველივე ბატონი ნიკა გვარამიას ისტერიკას. ნიკა გვარამიაც მიხვდა, რომ დაკარგა გავლენა, ვინაიდან ახალი ცვლილებების თანახმად, 4-5 მოსამართლეს აქვს უფლება, მიიღოს გადაწყვეტილება. მისი თქმით, დაახლოებით 11 თვეა, უზენაესმა სასამართლომ გადააგზავნა საკონსტიტუციო სასამართლოში ნორმა, რომლითაც ცვლილებებს ითხოვდა და რომელსაც დაახლოებით, 10 000 მსჯავრდებული და დაახლოებით, 300 000 ყოფილი მსჯავრდებული ელოდება.


"საკონსტიტუციო სასამართლოს შემოდებული აქვს თაროზე ეს საქმე. სამაგიეროდ, 2 და 3 დღის მიღებულ სარჩელებს, რომლებიც "ნაციონალურ მოძრაობასთან" კავშირში მყოფ პირებს შეაქვთ, მალე იხილავენ.


პაპუაშილის ყველა განცხადებაში და ქმედებაში, რომელშიც პრეზიდენტიც ჩაითრია, ცალსახაა პოლიტიკური ნიშანი.


რაც არ უნდა ისაუბროს პაპუაშვილმა, ყველამ იცის, რომ ის პოლიტიკურად ანგაჟირებულია", - განაცხადა ჭკადუამ.


ადვოკატის შეფასებით, მოსამართლეების დიპკორპუსთან შეხვედრა კარგია, რადგან ისინი მიაწოდებენ ინფორმაციას, რომ სასამართლოზე ხელისუფლებისგან ზეწოლა არ ხდება.

 

"სასამართლო თავისუფალია ისე, როგორც არასდროს. მონა თუ იყო მოსამართლე, მონა იქნება, ხელისუფლებაში ვინც არ უნდა იყოს, თუმცა დღეს ყველა მოსამართლე თავისუფალია გადაწყვეტილების გამოტანაში. პაპუაშვილის ორმა თანამშრომლემა დაადასტურა, რომ ისინი თავისუფლები არიან და მათ აქეთ დაადანაშაულეს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე სწრაფი ტემპტით გარკვეული საკითხების განხილვაში.

 

ძალიან მალე ის დრო დადგება, როდესაც პაპუაშვილი მისი უფროსების ხუშტურებზე არ ივლის და საკონსტიტუციო სასამართლოს ეყოლება ისეთი დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი თავმჯდომარე, რომელიც ყველა მოსამართლის სარჩელს იგივე გულმოდგინებით განიხილავს, როგორც დღეს იხილება "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლების სარჩელები", - განაცხადა ჭკადუამ.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner