2022 წლის 15 თებერვალს, საქართველოს ვიცე პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი საქართველოში საფრანგეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, დიეგო კოლასს შეხვდა.
შეხვედრაზე განხილულ იქნა რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო და უკრაინის გარშემო განვითარებული მოვლენები. კიდევ ერთხელ აღინიშნა უკრაინის მიმართ სოლიდარობა და სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის სრული მხარდაჭერა. საფრანგეთის ელჩმა დეტალურად ისაუბრა შექმნილი კრიზისის განმუხტვის მიზნით საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის მიერ განხორციელებული ვიზიტების შედეგებზე მოსკოვსა და კიევში. აღინიშნა, რომ საფრანგეთი, როგორც ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა, ძალისხმევას არ იშურებს დაძაბულობის დეესკალაციის მიზნით.
დავით ზალკალიანმა ელჩს მადლობა გადაუხადა საფრანგეთის მიერ რუსეთთან დიალოგის ფარგლებში საქართველოს მხარდაჭერისთვის. მან ხაზი გაუსვა რეგიონში მიმდინარე პროცესების გავლენას საქართველოზე. მინისტრმა ყურადღება გაამახვილა რუსეთის დესტრუქციული ნაბიჯების შედეგად აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული კუთხით შექმნილ მძიმე ვითარებაზე და აღნიშნა, რომ რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებზე განხორციელებული პროვოკაციული ქმედებები წარმოადგენს რეგიონის მიმართ მისი ერთიანი პოლიტიკის ნაწილს. მინისტრმა ხაზი გაუსვა საქართველოს ძალისხმევას ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ეფექტური გამოყენების მიზნით და აღნიშნა ევროკავშირის შუამავლობით დადებული 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების რუსეთის მიერ შესრულების აუცილებლობა.
შეხვედრაზე ყურადღება, ასევე, გამახვილდა სამხრეთ კავკასიის რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოზე და გამოწვევებზე. დავით ზალკალიანმა აღნიშნა საქართველოს მზადყოფნა რეგიონში მშვიდობისა და თანამშრომლობის განვითარების ხელშეწყობისთვის და ხაზი გაუსვა რეგიონში დასავლელი პარტნიორების ჩართულობის გაძლიერების აუცილებლობას.
შეხვედრის დასასრულს, მხარეებმა დააფიქსირეს აქტიური თანამშრომლობის გაგრძელების მზადყოფნა, განსაკუთრებით არსებული გეოპოლიტიკური გამოწვევების ფონზე.