„ბადრი ჯაფარიძესთან დაკავშირებით ჩვენს დღევანდელ გადაწყვეტილებას ბეჭედს დაუსვამს რუსთავის საზოგადოება“, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც რუსთავის მაჟორიტარობის კანდიდატად ბადრი ჯაფარიძის დასახელებას გამოეხმაურა.
მისი თქმით, ჯაფარიძეს საბოლოო პოლიტიკურ განაჩენს რუსთავის მოსახლეობა გამოუტანს.
„დავაკვირდეთ, დაუჭერს თუ არა "ნაციონალური მოძრაობა" მხარს ბადრი ჯაფარიძეს, მე მგონია, რომ დაუჭერს, რადგან ეს ერთი ორგანიზმია და აქედან გამომდინარე მაქვს ეს ვარაუდი. ამ შემთხვევაში, მისი წარმატება ნულის ტოლი იქნება, რადგან ჩვენი კანდიდატი დამაჯერებლად გაიმარჯვებს და თუკი სხვა ოპოზიციური პარტიებიც დააყენებენ კანდიდატს, ნულს ქვევით იქნება მისი წარმატების შანსი. ჩვენს დღევანდელ გადაწყვეტილებას კიდევ ერთხელ დაადასტურებს და ბეჭედს დაუსვამს რუსთავის საზოგადოება და საბოლოო განაჩენი მათ შორის პოლიტიკური იქნება რუსთავის მოსახლეობის მხრიდან მის მიმართ“, - განაცხადა მდინარაძემ.