აგრარულ საკითხთა კომიტეტმა დღევანდელ სხდომაზე მიმდინარე წლის სამოქმედო გეგმა ერთხმად დაამტკიცა.
საკითხზე მომხსენებელმა, აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ნინო წილოსანმა აღნიშნა, რომ კომიტეტის სამოქმედო გეგმა მოიცავს როგორც საკანონმდებლო, ასევე საზედამხედველო საქმიანობის მიმართულებებს, დაგეგმილია თემატური მოკვლევები და ცალკეული თემების მიხედვით განსაზღვრულია თემატური მომხსენებლები.
ნინო წილოსანმა წარადგინა ასევე აგრარულ საკითხთა კომიტეტის 2021 წლის საქმიანობის ანგარიში.
„კომიტეტი ყოველწლიურად წარადგენს ანგარიშს, სადაც დეტალურად არის აღწერილი კომიტეტის საქმიანობა - ჩატარებული კომიტეტის სხდომები, მიღებული კანონები, განხილული საკითხები, საზედამხედველო ფუნქციის ფარგლებში განხორციელებული საქმიანობა და ა. შ. საინტერესო სიახლე გვაქვს ის, რომ ამ ანგარიშს დავამატეთ სექტორის მიმოხილვაც, რითაც ვფიქრობ ძალიან კარგ პრაქტიკას დავნერგავთ“, - განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარემ.
კომიტეტმა 2021 წლის საქმიანობის ანგარიში ცნობად მიიღო და იგი პლენარულ სხდომას წარედგინება.