„სისულელით და ტყუილით ნუ ამუნათებთ ამ ხალხს - უმრავლესობის გადაწყვეტილება უმრავლესობის გადაწყვეტილებაა, შეიძლება, არ მოგწონდეთ, შეიძლება, მოგწონდეთ, მაგრამ ამ შემთხვევაში უპირატესი აუცილებლობა არის სწორი პრაქტიკის დანერგვა“, - ასე მიმართა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ოპოზიციის წევრებს პლენარულ სხდომაზე, სადაც ბადრი ჯაფარიძისთვის, შალვა ნათელაშვილისთვის და ელენე ხოშტარიასთვის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხზე იმსჯელეს.
მამუკა მდინარაძე პლენარულ სხდომაზე გაკეთებულ განცხადებებს და შეფასებებს გამოეხმაურა. ფრაქციის თავმჯდომარემ განმარტა რამდენიმე საკითხიც.
„რა შუაში იყო სენაკის საკრებულო და ხანდაზმულობა ერთმანეთთან - ცივილიზებულ სამყაროში, როდესაც სასამართლო ადამიანს დამნაშავედ ცნობს, ოღონდ ხანდაზმულობის გამო მის მიმართ სასჯელი ვერ დადგება, შემდეგ ეს კანონიერ ძალაში შესული განაჩენი, მაგალითად, მიაქვთ ხოლმე სამოქალაქო წესით დავისთვის პირველი ინსტანციის სასამართლოში, იყენებენ როგორც პრეიუდიციას და უმრავლეს შემთხვევაში, დგება იმ ადამიანის, რომელიც დამნაშავედ ცნო სასამართლომ, შესაბამისი სამოქალაქო პასუხისმგებლობა, თუ ეს შეეხებოდა მსგავსი კატეგორიის დანაშაულებს.
რაც შეეხება სენაკის სასამართლოს - მთელი ცივილიზებული სამყარო აღიქვამს, რომ როდესაც წერია სიტყვები „სრული შემადგენლობის უმრავლესობა“, ეს ნიშნავს, რომ ამ კონკრეტულ ორგანოში, მაგალითად, პარლამენტში სრული შემადგენლობა არის 150, შესაბამისად, მის ნახევარზე მეტი, ანუ, კვორუმი უნდა იყოს ამის მიხედვით დადგენილი და უნდა იყოს 75-ს პლუს 1. ასეა მთელ მსოფლიოში. შესაბამისად, სადაც არის 33 წევრი და წერია, რომ კვორუმი არის, ანუ, ეს კონკრეტული საკრებულო უფლებამოსილია, მაშინ, როდესაც მას ესწრება სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტი, ეს ნიშნავს, მინიმუმ, 17 ადამიანს. ე.ი. 16 არ უდრის 17-ს, არც მეტია. ეს არის მსოფლიო პრაქტიკის იურისპრუდენციაში საწინააღმდეგო მოქმედება, როდესაც თქვენ, გახარიასთან ერთად სინთეზში მიიჩნევთ, რომ თურმე, კვორუმი ყოფილა ნახევარზე მეტი - 33-ის შემთხვევაში 17. ასეთ დეტალებზე გვიწევს ახლა ეს არის მარტივი ჭეშმარიტება. ამ შუაშია სენაკის საკრებულო და ხანდაზმულობა“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ იურიდიულ ასპექტებზეც გაამახვილა ყურადღება. მისი თქმით, პარლამენტი კვაზი-სასამართლოს ფუნქციას საკუთარ თავზე ვერ აიღებს.
„ადამიანის მიმართ დამდგარია განაჩენი და ეს არ უნდა იყოს უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძველი და უნდა იყოს გაცდენები - მართლა მიკვირს. არასაპატიო გაცდენები ითვლება უფლებამოსილების მოხსნის საფუძვლად. ზოგიერთი თქვენგანი ამბობთ, არასაპატიო გაცდენა, ფორმალურად, თუნდაც, არის უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძველი, მაგრამ განაჩენი არ უნდა იყოს. ჩვენ კვაზი-სასამართლოს ფუნქცია უნდა ვიტვირთოთ საკუთარ თავზეო. ეს არ არის ვალდებულება, ეს არის პარლამენტის უფლებამოსილება. მაშინ, მიზანშეწონილობაზე თუ არის საუბარი და თუ ამას არქმევთ პოლიტიკურ გადაწყვეტილებას, სამართლებრივთან ერთად, დავსვათ ასეთი შეკითხვა: თუ პრაქტიკაში გვაქვს, რომ ამ გაცდენების გამო, ამ პრაქტიკას ვნერგავთ და სწორია, ჩემი აზრით, პარლამენტს თავისი ავტორიტეტი და პრესტიჟი აქვს და ცივილიზებული სამყაროც ასე იქცევა, ადამიანს ვუშვებთ პარლამენტიდან, დამტკიცებული, თუნდაც, ხანდაზმული დანაშაულის გამო, უნდა გავუშვათ თუ არა. ამ შემთხვევაში, საპარლამენტო უმრავლესობა მიიჩნევს, რომ კი. გიდასტურებთ, რომ ბადრი ჯაფარიძე იყო ძალიან კონსტრუქციული, მაგრამ კვაზი სასამართლოს ფუნქციას ჩვენ ჩვენს თავზე ვერ ავიღებთ, იმიტომ რომ არც ასეთია ცივილიზებული სამყაროს პრაქტიკაში“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.