„ოპოზიცია მათ მიერვე ჩახსნილი სიების აღდგენას იხვეწება, რაც კიდევ ერთხელ მეტყველებს პოლიტიკურ უსუსურობაზე“, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
„რაც შეეხება სიების აღდგენას, ახლა ისინი თვითონ გვეხვეწებიან მათ მიერ ჩახსნილი სიების აღდგენას. ესეც მიუთითებს იმაზე, თუ რა მძიმე მდგომარეობაში ჩადგა ოპოზიცია, უფრო სწორად, თუ რა მძიმე მდგომარეობაში ჩავაყენეთ ჩვენ რადიკალური ოპოზიცია, რაც არის ძალიან კარგი. რადიკალური ოპოზიციის მძიმე მდგომარეობა დადებითად აისახება ქართული დემოკრატიის ხარისხზე“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მისივე თქმით, საპარლამენტო უმრავლესობის დღევანდელი გადაწყვეტილება, სამი ოპოზიციონერი დეპუტატის მიმართ, ემსახურება ქვეყნის დამშვიდებას ემსახურება.
„გახსოვთ, რამდენად რთული და ცხელი იყო ვითარება ერთი წლის წინ. და ამ ცხელი ვითარების შემოქმედთა შორის განსაკუთრებით აქტიურობდნენ ის პირები, რომლებსაც დღეს შევუწყვიტეთ ჩვენ უფლებამოსილება. ესენი არიან ელენე ხოშტარია, შალვა ნათელაშვილი და ბადრი ჯაფარიძე. ჩვენ მათ წინააღმდეგ მიმართული ქმედებებით, ამას ხაზგასმით ვამბობ, მოვახერხეთ ქვეყნის დამშვიდება. მათი მიზანი იყო ქვეყნის არევა, ჩვენი მიზანი იყო ქვეყნის დამშვიდება და გვიწევდა მათთან დაპირისპირება იმისთვის, რომ ქვეყანას შეენარჩუნებინა სიმშვიდე. შესაბამისად, ეს გადაწყვეტილებაც ამ კონკრეტული სამი დეპუტატის მიმართ რა თქმა უნდა, ასევე ემსახურება ქვეყნის დამშვიდებას. მიზანი არის ერთადერთი – ქვეყნის დამშვიდება და გაგრძელება იმისა, რაც დავიწყეთ ჩვენ გასულ წელს, როდესაც ვუპირისპირდებოდით დაპირისპირებასა და არეულობაზე ორიენტირებულ პოლიტიკურ ძალებს.
როდესაც ოპოზიცია ითხოვს მათ მიერვე ჩახსნილი სიების აღდგენას, რბილად რომ ვთქვათ, ეს არის პოლიტიკურად არასერიოზული და კიდევ ერთხელ მეტყველებს მათ პოლიტიკურ უსუსურობაზე. თვითონ ჩახსნეს სიები და ახლა თვითონ გვეხვეწებიან, აღვადგინოთ მათ მიერვე ჩახსნილი სიები. თქვენ ხედავთ, რა მძიმე მდგომარეობაშია ახლა რადიკალური ოპოზიცია“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.