„ის ყველაფერი, რაც გვესმის ოპოზიციის მხრიდან, ადასტურებს რამდენად მძიმე მდგომარეობაშია ოპოზიცია ჩავარდნილი“, - ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ განაცხადა. „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ 3 ოპოზიციონერი დეპუტატისთვის მანდატის შეწყვეტის გადაწყვეტილებას კონკრეტული საფუძველი აქვს, რაც თავად ოპოზიციამ შექმნა.
„ნახევარ წელიწადზე მეტი მათ გაატარებინეს არა მარტო უმრავლესობას, არამედ ქართულ საზოგადოებას იმაზე საუბარში, თუ რატომ არ უნდა შემოსულიყო ოპოზიცია პარლამენტში. ისინი ნახევარი წლის განმავლობაში არ შემოდიოდნენ პარლამენტში და იყო მთელი დისკუსია ამასთან დაკავშირებით. ახლა შემოტრიალებულია ეს ყველაფერი და უკვე საუბრობენ იმაზე, თუ რატომ არ უნდა შეუწყდეთ მათ სადეპუტატო უფლებამოსილება. ანუ, ადრე ვეხვეწებოდით მათ ასე ვთქვათ პარლამენტში შემოსვლას, ახლა ისინი გვეხვეწებიან, რომ არ გავუშვათ პარლამენტიდან. სინამდვილეში ხდება ის, რომ პარლამენტის მხრიდან მანდატის შეწყვეტის თაობაზე გადაწყვეტილება მიიღება კონკრეტული საფუძვლით. როდესაც ისინი აპროტესტებენ ამ გადაწყვეტილებას, უნდა გაიხსენონ, თუ ვინ აცდენდა სხდომებს, ვინ ჩადიოდა დანაშაულს, ვინ ახორციელებდა საბოტაჟს და ა.შ. რა თქმა უნდა, ეს არის თავად ოპოზიცია, მათ თავად შექმნეს საფუძველი იმისთვის, რომ შესწყვეტოდათ მანდატები“, - განაცხადა კობახიძემ.
კახა კუჭავას, ბადრი ჯაფარიძეს, ელენე ხოშტარიასა და შალვა ნათელაშვილს სადეპუტატო უფლებამოსილება ვადაზე ადრე შეუწყდათ.