მოსკოვში ვიზიტით მყოფმა გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა განაცხადა, რომ უკრაინის საზღვარზე რუსული ჯარების დაგროვება საფრთხედ შეიძლება ჩაითვალოს.
„ჩვენ ახლა ინფორმაციას ვიღებთ, რომ ჯარების გაყვანა ხდება, რაც დადებითი სიგნალია და ვიმედოვნებთ, რომ ეს პროცესი გაგრძელდება. საზღვრების ხელშეუხებლობა, რომელიც უკრაინას ეხება, მოლაპარაკების საგანი ვერ იქნება. დიალოგი არ შეიძლება ჩიხში შევიდეს, რადგან ეს ყველასთვის კატასტროფა იქნება. მნიშვნელოვანია დიპლომატიური გზის გავლა, რათა თავიდან ავიცილოთ ომი ევროპაში“, - აღნიშნა გერმანიის კანცლერმა რუსეთის პრეზიდენტთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე.
ოლაფ შოლცმა ასევე აღნიშნა, რომ რუსეთი გადამწყვეტი მოთამაშეა ევროპაში უსაფრთხოების შესანარჩუნებლად.
„ევროპელებისთვის ცხადია, რომ გრძელვადიანი უსაფრთხოების მიღწევა მხოლოდ რუსეთთან ერთად შეიძლება“, - აღნიშნა ოლაფ შოლცმა.
თავის მხრივ, რუსეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ რუსეთს ომი არ უნდა და მზად არის მოლაპარაკების პროცესის დაწყებისთვის.
„ევროპაში ომი არ გვინდა. მზად ვართ მოლაპარაკების პროცესის დაწყებისთვის, თუმცა ამ შემოთავაზებას ჯერჯერობით კონსტრუქციული პასუხი არ მოჰყოლია“, - აღნიშნა რუსეთის პრეზიდენტმა.
ვლადიმერ პუტინის თქმით, ქვეყნებს უფლება აქვთ შეუერთდნენ სამხედრო ალიანსებს, თუმცა ასევე მნიშვნელოვანია საკუთარი უსაფრთხოების შენარჩუნება სხვა ქვეყნების უსაფრთხოების ხარჯზე არ მოხდეს.