მოსკოვში ვიზიტით მყოფმა გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა განაცხადა, რომ ამ ეტაპზე ნატოს გაფართოება დღის წესრიგში არ დგას.
„ნატოს გაფართოება არ იგეგმება, არ განიხილება, ის დღის წესრიგში არ დგას. ჩვენ არ მოგვიწევს ამ საკითხით დაკავება, ვიდრე თითოეული ჩვენგანი თავის თანამდებობაზეა. არ ვიცი რამდენი ხანი იქნება პრეზიდენტი პუტინი თავის თანამდებობაზე. ვფიქრობ, ეს შეიძლება დიდხანს იყოს, თუმცა სამუდამოდ არ იქნება. ჩვენ ამით არ დავკავდებით“, - აღნიშნა გერმანიის კანცლერმა რუსეთის პრეზიდენტთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე.
14 თებერვალს, კიევში ვიზიტის ფარგლებში, ოლაფ შოლცმა განაცხადა, რომ უკრაინის ნატოში გაწევრიანების საკითხი ახლა დღის წესრიგში არ დგას.
„რაც შეეხება უკრაინის ნატოში წევრობას, ამ ეტაპზე ეს საკითხი აქტუალური არ არის. ამიტომაც ცოტა უცნაურია, რომ რუსეთის მთავრობამ ეს საკითხი დიდი პოლიტიკური დისკუსიების საგნად აქცია“, - განაცხადა გერმანიის კანცლერმა.
ოლაფ შოლცმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ალიანსების თავისუფლად არჩევის პრინციპი განხილვის საგანი ვერ იქნება.