იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა პირველი მოსმენისთვის, დაჩქარებული წესით, განიხილა და მხარი დაუჭირა საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებს, რომელიც პოლიტიკური პარტიების მიერ საარჩევნო კომისიის წევრის დანიშვნის წესს შეეხება.
პროექტის თანახმად, 2024 წლამდე გასამართ შუალედური არჩევნებისათვის, უფლებამოსილი პარტიების მიერ დანიშნულ საოლქო საარჩევნო კომისიების წევრებს საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სერტიფიკატის წარდგენა არ უნდა მოეთხოვოთ.
კანონპროექტის ერთ-ერთი ინიციატორის, პარლამენტის წევრის, იაგო ხვიჩიას განმარტებით, ბოლო ჩატარებულ საპარლამენტო და ადგილობრივ არჩევნებზე ყველა პოლიტიკურ პარტიას ჰყავდა თავისი წარმომადგენელი, როგორც საოლქო, ასევე, საუბნო საარჩევნო კომისიებში და ამ არჩევნებისთვის საგამონაკლისო წესით, საოლქო კომისიის პარტიულ წევრებს საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სერტიფიკატი არ მოეთხოვებოდათ. მისივე თქმით, სწორედ ამ წესმა საშუალება მისცა პოლიტიკურ ძალებს დაეკომპლექტებინათ საოლქო კომისიები.
„იმის გამო, რომ ჩვენ გვყავდა ჩვენი წარმომადგენელები კომისიებში არასდროს გვითქვამს, რომ არჩევნები გაყალბდა. სადაც წარმომადგენლები გვყავდა, იქ ინფორმაცია გვქონდა და საკუთარი თავისთვის არ მიგვიცია უფლება ვიღაცეებს ავყოლოდით. შესაბამისად, ვფიქრობთ, რომ ეს წესი კიდევ უნდა შენარჩუნდეს შუალედურ არჩევნებზეც“, - აღნიშნა იაგო ხვიჩიამ.
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილის განცხადებით, პროექტის სამართლებრივი ტექნიკის თვალსაზრისით გამართვის თაობაზე მსჯელობა მეორე მოსმენით განხილვის დროს შედგება.
ცვლილებების ინიციატორები არიან საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „გირჩის“ წევრები: ალექსანდრე რაქვიაშვილი, ჰერმან საბო, ვახტანგ მეგრელიშვილი და იაგო ხვიჩია.