სს ,,ენერგო-პრო ჯორჯია"-ს ტექნიკური სამსახურის მუშაობის შედეგად, ბორჯომში ამ დროისთვის მხოლოდ 200-მდე აბონენტია დარჩენილი ელექტროენერგიის გარეშე. საგანგებო ვითარებაში მუშაობა ამ წუთებშიც გრძელდება. გუშინ ღამე, ძლიერი წვიმისა და სეტყვის გამო, მოტეხილმა ხეებმა დააზიანა ელექტროენერგიის გადამცემი ხაზები და ბოძები, რის გამოც 6 000-ზე მეტ აბონენტს არ მიეწოდებოდა ელექტროენერგია. აბონენტების ნაწილისთვის ღამესვე მოხერხდა ენერგომომარაგების აღდგენა. მობილიზებულია კომპანიის არა მარტო ადგილობრივი, არამედ სხვა მომსახურების ცენტრების ტექნიკური ბრიგადები. ბორჯომში იმყოფება, აგრეთვე, კომპანიის მენეჯმენტი და ადგილზე აკონტროლებს სამუშაოების მიმდინარეობას.
ღამის განმავლობაში გადაადგილება გართულებული იყო, თუმცა ადგილობრივ მუნიციპალიტეტთან კოორდინირებული მუშაობის შედეგად, დროულად მოხერხდა დაზიანების ადგილებში შეღწევა და აღდგენითი სამუშაოების დაწყება. მუშაობა ამ წუთებშიც გრძელდება და დღის განმავლობაში კომპანიის აბონენტებისთვის ელექტროენერგიის მიწოდება სრულად აღდგება.