logo_geo
eng_logo
ოზურგეთის მერმა აუდიტის დასკვნის საფუძველზე მერიასა და მის სამსახურებში ორგანიზაციული რეფორმა დააანონსა
- +

16 თებერვალი. 2022. 16:21

 

 

ოზურგეთის მერმა ავთანდილ თალაკვაძემ სახელმწიფო აუდიტის დასკვნის საფუძველზე მერიასა და მის სამსახურებში ორგანიზაციული რეფორმა დააანონსა. სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის 2019-2020 წლების საქმიანობის შემოწმება დაასრულა დარღვევებზე დასკვნები, ასევე რეკომენდაციები წარმოადგინა.

 

„მინდა თქვენი ყურადღება შევაჩერო, მნიშვნელოვან საკითხზე - სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა დაასრულა ოზურგეთის მერიის საქმიანობის 2019-2020 წლების პერიოდის შემოწმება. დასკვნა უკვე გადმოეგზავნა მუნიციპალიტეტს და ერთ კვირაში გამოქვეყნდება. დოკუმენტში საუბარია სერიოზულ გადაცდომებზე და დარღვევებზე როგორც ბიუჯეტის შესრულების, ასევე შესყიდვების, ინფრასტრუქტურული პროექტების, წარმომადგენლობითი ხარჯების, სამსახურებში უკონტროლოდ გაზრდილი შტატების და დაუსაბუთებლად თანამშრომლების აყვანის, უკანონო მშენებლობების და სხვა მიმართულებებით. ვიტყოდი, რომ სამწუხაროდ მძიმე დასკვნებია. ვავალებ ჩემს მოადგილეებს, შესაბამისი მიმართულებებით უზრუნველყონ აუდიტის დასკვნაში მოცემული რეკომენდაციების განხილვა და მათი შესრულების მიზნით, ნაბიჯების დაგეგმვა.

 

აუდიტის დასკვნამ ნათლად გვაჩვენა, რომ მუნიციპალიტეტის მერიასა და მის სამსახურებში, ასევე, იურიდიულ პირებში, საჭიროა რეფორმების გატარება, მართვისა და კონტროლის ეფექტური მექანიზმების შემუშავება, პასუხისმგებელ პირებთან კი აუდიტის მიერ დადგენილი ხარვეზების და დარღვევების განხილვა. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ ჩატარებული შემოწმების შედეგების გათვალისწინებით, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება მუნიციპალიტეტის მერიასა და მის სამსახურებში გავატაროთ ორგანიზაციული რეფორმები. რეორგანიზაცია კანონმდებლობის შესაბამისად ჩატარდება და 3-4 თვეში დასრულდება. რა თქმა უნდა, ამ პერიოდის განმავლობაში ჩვენ განვაგრძობთ აქტიურად მუშაობას და ახალი პროექტების განხორციელებას, რაზეც შემდეგ სხდომებზე კიდევ უფრო მეტ ინფორმაციას გაგაცნობთ“, - განაცხადა ოზურგეთის მერმა ავთანდილ თალაკვაძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner