ბათუმი 16-17 თებერვალს საზღვაო რეგიონების კავშირის (CPMR) საერთაშორისო კონფერენციას მასპინძლობს. საერთაშორისო კონფერენციის მიზანია შავი ზღვის რეგიონში კულტურული ტურიზმის განვითარება და ამ მხრივ ახალგაზრდა მეწარმეების მხარდაჭერა.
კონფერენცია მისასალმებელი სიტყვით აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, საზღვაო რეგიონების კავშირის ვიცე-პრეზიდენტმა თორნიკე რიჟვაძემ გახსნა.
CulTourE4Youth Batumi International Workshop-ში მონაწილეობა საბერძნეთის, იტალიის, ინგლისის, ესპანეთის, უკრაინის, აზერბაიჯანის, ბულგარეთის, მოლდოვის, რუმინეთის და თურქეთის, ასევე ევროპული ინსტიტუციების და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა მიიღეს.
ღონისძიების ფარგლებში განიხილებოდა ისეთი მნიშვნელოვანი თემები, როგორიცაა ლურჯი ეკონომიკა, ევროპული მმართველობა, ენერგეტიკა, კლიმატის ცვლილებები, საზღვაო და კულტურული ტურიზმი, ახალგაზრდული მეწარმეობის გაძლიერება.
ვორქშოფის ორგანიზატორია საზღვაო რეგიონების კავშირი (CPMR). აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა საზღვაო რეგიონების კავშირის სრულუფლებიანი წევრი გახდა, რაც საშუალებას აძლევს რეგიონს, სრულად ჩაერთოს CPMR პოლიტიკის შემუშავებაში.
პერიფერიული საზღვაო რეგიონების კავშირი წარმოადგენს საზღვაო რეგიონების ქსელს, რომელიც აერთიანებს 24 ქვეყნის 160 რეგიონს, როგორც ევროკავშირიდან, ასევე მის ფარგლებს გარეთ.