უკრაინის პარლამენტში ვოლოდიმირ ზელენსკის პარტია „ხალხის მსახურის“ ფრაქციის თავმჯდომარე, დავით არახამია აცხადებს, რომ ამერიკული მედიის ნაწილი რუსული არმიის უკრაინაში შეჭრის თაობაზე აშკარა „ფეიკს“ ავრცელებდა და ავრცელებს.
„ვფიქრობ, ორ-სამ კვირაში, როდესაც დაძაბულობის ფაზა გაქრება, რეტროსპექტული ანალიზი უნდა გავაკეთოთ, თუ როგორ დაიწყეს ძალიან ცნობილმა მედიასაშუალებებმა იმაზე უარესი ინფორმაციის გავრცელება, ვიდრე სკაბეევა და სალავიოვი ავრცელებენ. CNN-ზე, Bloomberg-სა და WSJ-ზე აშკარა „ფეიკი“ ვრცელდებოდა. უნდა შევისწავლოთ ეს, რადგან საუბარია ჰიბრიდული ომის ელემენტებზე“, - აღნიშნა დავით არახამიამ.
მისი თქმით, ამჟამად კოლექტიური უსაფრთხოების შესახებ ახალი შეთანხმების შექმნის მცდელობებს აქვს ადგილი, ხოლო უკრაინა მხოლოდ მოლაპარაკებების მოედანია. დავით არახამიამ ასევე აღნიშნა, რომ უკრაინაში რუსული არმიის შეჭრის თაობაზე ინფორმაციის გავრცელება ქვეყანას ყოველთვიურად 2-3 მილიარდი დოლარი უჯდება.
„ჩვენს ქვეყანას ეს ისტერია ყოველთვიურად 2-3 მილიარდი დოლარი უჯდება. საგარეო ბაზრებზე ვალს ვერ ვიღებთ, რადგან წარმოუდგენელი განაკვეთებია. ეკონომიკა ყოველ დღე ზარალს განიცდის. როდესაც ვიღაცა გადაწყვეტილებას იღებს საელჩო ლვოვში გადაიტანოს, უნდა ესმოდეს, რომ ასეთი ინფორმაცია უკრაინის ეკონომიკას რამდენიმე ასეული მილიონი დოლარი დაუჯდება“, - აღნიშნა დავით არახამიამ.