logo_geo
eng_logo
NATO: რუსეთს მტკიცედ მოვუწოდებთ, დიპლომატიის გზა აირჩიოს, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს სამხედრო გაძლიერება და თავისი ძალები უკრაინიდან გაიყვანოს
- +

16 თებერვალი. 2022. 21:17

 

 

ჩვენ ღრმად შეშფოთებულნი ვართ რუსეთის ძალზე ფართომასშტაბური, არაფრით პროვოცირებული და გაუმართლებელი სამხედრო გაძლიერებით უკრაინასა და მის გარშემო და ბელარუსში. ამის შესახებ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის განცხადებაშია ნათქვამი.

 

„რუსეთს მტკიცედ მოვუწოდებთ, დიპლომატიის გზა აირჩიოს, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს სამხედრო გაძლიერება და თავისი ძალები უკრაინიდან გაიყვანოს. რუსეთის მიმართ ჩვენი ორმხრივი მიდგომის ერთგულნი ვრჩებით: ძლიერი შეკავება და თავდაცვა, რომელიც დიალოგისთვის მზაობას მოიცავს“, - ნათქვამია განცხადებაში.

 

NATO-ს განცხადებაში ხაზგასმით აღნიშნულია, რომ რუსეთის ქმედებები სერიოზულ საფრთხეს უქმნის ევროატლანტიკურ უსაფრთხოებას.

 

„შედეგად და ყველა მოკავშირის თავდაცვის უზრუნველსაყოფად, ჩვენ დამატებით სახმელეთო ძალებს განვათავსებთ ალიანსის აღმოსავლეთ ნაწილში, ასევე დამატებით საზღვაო და საჰაერო საშუალებებს და ჩვენი ძალების მზადყოფნას გავზრდით. ჩვენი ზომები პრევენციული, პროპორციული და არაესკალაციური ხასიათისაა. ჩვენ მზად ვართ კიდევ უფრო გავაძლიეროთ ჩვენი თავდაცვითი და შემაკავებელი პოზიცია, რათა ყველა გაუთვალისწინებელ შემთხვევას ვუპასუხოთ. ჩვენი ერთგულება ვაშინგტონის ხელშეკრულების მე-5 მუხლის მიმართ ურყევია“, - აღნიშნულია განცხადებაში.

 

განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ თითოეულ ქვეყანას უფლება აქვს, აირჩიოს საკუთარი უსაფრთხოების ზომები.

 

„ჩვენ ვადასტურებთ ჩვენს მხარდაჭერას უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. როგორც უკვე აღვნიშნეთ, რუსეთის ნებისმიერი შემდგომი აგრესია უკრაინის წინააღმდეგ უზარმაზარი შედეგების მომტანი იქნება. NATO გააგრძელებს მჭიდრო კოორდინაციას შესაბამის დაინტერესებულ მხარეებთან და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან, მათ შორის ევროკავშირთან“, - ვკითხულობთ განცხადებაში.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner