logo_geo
eng_logo
პარლამენტმა სხვადასხვა უწყების 2020 წლის საქმიანობის ანგარიშები მოისმინა
- +

16 თებერვალი. 2022. 22:02

 

 

პარლამენტის დღევანდელ პლენარულ სხდომაზე დეპუტატებმა საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (საქსტატი), საპენსიო სააგენტოსა და საზოგადოებრივი მაუწყებლის 2020 წლის საქმიანობის ანგარიშები მოისმინეს.

 

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (საქსტატი) 2020 წლის საქმიანობის ანგარიში დეპუტატებს საქსტატის ხელმძღვანელმა, გოგიტა თოდრაძემ გააცნო.

 

მან თავის გამოსვლაში საანგარიშო პერიოდში ჩატარებული სამუშაოების შესახებ, მიღებულ შედეგებსა და გამოწვევებზე ისაუბრა.

გოგიტა თოდრაძემ ყურადღება გაამახვილა 2020 წელს საქსტატში განხორციელებული ცვლილებების და დანერგილი სიახლეების შესახებ. ისაუბრა საქსტატის სტრუქტურასა და საშტატო განრიგზე, ბიუჯეტისა და დაფინანსების სხვა წყაროებზე, მათ შორის ბიუჯეტის შესრულების პარამეტრებზე. ასევე სტატისტიკური სამუშაოების პროგრამაზე, ეკონომიკური საქმიანობიდან მიღებული შემოსავლებისა და ხარჯების თაობაზე.

 

მისი თქმით, სტატისტიკის გამოყენების გაუმჯობესების თვალსაზრისით, მნიშვნელოვან როლს ასრულებს მონაცემთა გავრცელების თანამედროვე და ეფექტური სისტემების არსებობა. „2020 წელს გაფართოვდა მონაცემთა გავრცელების საშუალებები და გაუმჯობესდა სხვადასხვა მიმართულებები, რაც იძლევა ინფორმაციის მარტივად აღქმის შესაძლებლობას და მოსახერხებელია ნებისმიერი დაინტერესებული მომხმარებლისთვის. სტატისტიკის არეალის გაფართოების თვალსაზრისით, მნიშვნელოვანია ახალი გამოკვლევების დაგეგმვა ან არსებულის მოდიფიკაცია, რომლის საფუძველზეც ხდება ახალი ინდიკატორების წარმოება. საქსტატის მიერ 2020 წელს შეიქმნა სხვადასხვა სახის ახალი სტატისტიკური პროდუქტი და დაინერგა ახალი მაჩვენებლები, ჩატარდა შესაბამისი გამოკვლევები“.

 

მომხსენებელმა ანგარიშთან ერთად სტატისტიკური მონაცემების ცხრილებიც წარადგინა.

 

 სსიპ საპენსიო სააგენტოს დირექტორის, გიორგი დანელიას მიერ წარდგენილ სააგენტოს 2020 წლის ანგარიშში ასახულია სააგენტოს საოპერაციო საქმიანობა, შიდა მარეგულირებელი დოკუმენტაციის შემუშავებისა და დამტკიცების ეტაპები, დაგროვებით საპენსიო სქემაში გაწევრიანების სტატისტიკა, ნომინალური მფლობელობის ანგარიშების მართვა და საპენსიო შენატანებზე სარგებლის დარიცხვის მონაცემები.

 

მომხსენებელმა ისაუბრა პენსიებისა და საპენსიო აქტივების გაცემასთან დაკავშირებით. მან აღნიშნა, რომ საანგარიშო პერიოდის განმავლობაში საპენსიო სააგენტოს მიერ პენსიის დანიშვნისა და საპენსიო აქტივების გადაცემის შესახებ მიღებულ იყო 478 განცხადება. „ასევე, დასაქმებულებისათვის დამატებით შემუშავდა და დაინერგა სერვისები, რომელთა ფარგლებშიც, ბანკების მიერ, მოხდა ინტერნეტ ბანკში და მობაილ ბანკში დამატებითი ფუნქციონალის დამატება, რომლის მეშვეობით დაგროვებითი საპენსიო სქემის მონაწილეების თანხმობით ხდება მათთვის, საკუთარი საპენსიო აქტივების ჯამური ღირებულების შესახებ ინფორმაციის მიწოდება“. 

 

გიორგი დანელიამ ისაუბრა სააგენტოს საინვესტიციო საქმიანობაზე, საინვესტიციო რისკების კონტროლზე,  ინფორმაციული უსაფრთხოების მართვის ახლად დანერგილ სისტემაზე.

 

ანგარიშში სქემის სახით არის ასახული სააგენტოს მიერ პენსიის დანიშვნისა და საპენსიო აქტივების გადაცემის ძირითადი სტატისტიკური მონაცემები.

 

საზოგადოებრივი მაუწყებლის 2020 წლის ანგარიში პარლამენტში მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარემ ირინა ფუტკარაძემ წარადგინა. მან ქვეყნის  სოციალურ  ცხოვრებაში საზოგადოებრივი მაუწყებლის განსაკუთრებულ როლზე ისაუბრა და ყურადღება გაამახვილა სამაუწყებლო პოლიტიკით განსაზღვრულ საქმიანობაზე, როგორც საქართველოს  მოსახლეობისათვის მთავარ სადისკუსიო სივრცეზე, სადაც შესაძლებელია ქვეყნისთვის  მნიშვნელოვანი  საკითხების  განხილვა,  განსხვავებული  მოსაზრებების  გამოთქმა და დისკუსია საზოგადოების მაქსიმალური ჩართულობით.

 

მისი თქმით, მაუწყებელი მაყურებელს სთავაზობს მრავალფეროვან, ხარისხიან პროდუქციას, რომელთაგან დიდი ნაწილი ორიგინალური ქართული ნაწარმია. მან ისაუბრა დამოუკიდებელი პროგრამებისა და მათი მწარმოებლების შესახებ, მიმდინარე და სამომავლო პროგრამათა განრიგის თაობაზე. მაუწყებლის ბიუჯეტის პარამეტრებზე, ასევე მიმდინარე და სამომავლო პროგრამული პრიორიტეტების შესახებ. ისაუბრა გამოწვევებზე, რომელიც უკავშირდება კოვიდ პანდემიას და სხვა საზოგადოებრივ პერიპეტიებს.

 

ირინა ფუტკარაძემ ყურადღება გაამახვილა აუდიტორიასთან უკუკავშირისა და ბაზრის კვლევის თაობაზე.

 

კითხვა-პასუხის ამოწურვის შემდეგ ცალკეულმა დეპუტატებმა, კომიტეტებისა და ფრაქციების წარმომადგენლებმა გამოთქვეს მოსაზრებები მოსმენილი ანგარიშების თაობაზე.

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner