პარლამენტის ყოფილი დეპუტატი ხათუნა ხოფერია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და თამაზ მეჭიაურს ემშვიდობება:
„მშვიდობით არა.... ნახვამდის, მეგობარო!
„ეს ხათოა, ჩემი ძმაა“, -ასე აცნობდა ჩემ თავს თავის მეგობრებს. ჰო, ჩვენ ძმები ვიყავით! არა სისხლით და ხორცით, არამედ სულით, გულით, მრწამსით!
რაიმე თუ გვქონდა სალაპარაკო, ეგრევე რესტორანში მივდიოდით.... - ჩაარტყავ?... ხომ იცი, ჩემი კონიაკით დავდივარ-ისე მეტყოდა, აზრი არ ქონდა შეხსენებას, რომ არ ვსვამ და რომ ქალი ვარ... ან კი რატომ უნდა შემეხსენებია, მე ხომ მისთვის თანამებრძოლი, თანამოაზრე... უბრალოდ, ძმა ვიყავი...
მე ვიყავი ძმა მაგარი ბიჭის-თამაზ მეჭიაურის,რომელმაც პოლიტიკოსის სტერეოტიპი დაანგრია! დიახ, კარგად დაიმახსოვრეთ, პოლიტიკოსი შეიძლება იყოს წესიერი, სიტყვის კაცი, თავმდაბალი, ნაღდი პატრიოტი და უანგარო! აი, ისეთი, როგორიც თამაზი იყო!
თამაზ მეჭიაური მაგალითი გახდა იმის, თუ როგორ შეიძლება ქვემძრომობის და, სულის გაყიდვის გარეშე, საკუთარი ღირსების შენარჩუნების გზით მიაღწიო მაღალ მწვერვალებს უბრალო თიანეთელმა ბიჭმა... დაამთავრო კომაროვი, წარმატებით დაამთავრო უნივერსიტეტი, არ მიეკედლო არცერთ პარტიას და გახდე მრავალგზის პარლამენტის წევრი, იყო როგორც პროფესიონალი ფინანსისტი საგადასახადოს წამყვან თანამდებობაზე.. და ყველაფერი ეს შეძლო ფულის მოპარვისა და სხვის ხარჯზე გამდიდრების გარეშე!
ბარაქალა შენ, ჩემო საამაყო თიანეთელო ბიჭო!
თამაზ, ბოდიშს გიხდი, ვერ გაგაცილებ... მეც შენსავით სიცხიანი და კოვიდიანი ვარ მესამე დღეა. .. უბრალოდ, არც ექიმს ვესინჯები და არც საავადმყოფოში ვაპირებ დაწოლას ... ან კი როგორ ვენდო... როგორ ავხსნა, რომ ასეთი მაგარი ქართველი ვერ გადაარჩინეს... თავისი ფეხით მისული, 19 დღეში მოილიეს... არ მესმის... არც მინდა გავიგო...
ერთი კი ვიცი, რომ ლამაზად და ღირსეულად გაცილებს შენი ღირსი საქართველო! შენი საფიცარო სამშობლო! სიკვდილში სიდიადესაც დამსახურება სჭირდება, თურმე!
მიჭირს ამის თქმა, მაგრამ...
მშვიდობით არა... ნახვამდის, მეგობარო!“ - წერს ხათუნა ხოფერია.