logo_geo
eng_logo
ევროკომისიის პრეზიდენტი: უკრაინა დღეს უფრო ძლიერი, თავისუფალი და სუვერენული ქვეყანაა, ვიდრე 2014 წელს იყო - სწორედ ამიტომ ემუქრება მას კრემლი
- +

16 თებერვალი. 2022. 22:35

 

 

„ჩვენ უკრაინის, მშვიდობისა და ევროპის ხალხის მხარეს ვდგავართ“, - განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას.

 

„უკრაინა სუვერენული ქვეყანაა. ის საკუთარ მომავალთან დაკავშირებით არჩევანს აკეთებს, თუმცა კრემლს ეს არ მოსწონს და ამიტომ ომით იმუქრება. ეს არის მიმდინარე ესკალაციის არსი. იმედის ნიშნების მიუხედავად, რომელიც გუშინ ვიხილეთ, ეს არის ის, რასაც უბრალოდ ვერ მივიღებთ“, - აღნიშნა ევროკომისიის პრეზიდენტმა.

 

ურსულა ფონ დერ ლაიენმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ბოლო შვიდი წლის განმავლობაში, უკრაინა კრემლის მხრიდან მუდმივ აგრესიას განიცდიდა.

 

„ამ მძიმე ტვირთის მიუხედავად, უკრაინამ ამხელა გზა გაიარა. უკრაინამ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა კორუფციასთან საბრძოლველად, აღადგინა ინფრასტრუქტურა, შექმნა ახალი სამუშაო ადგილები ნიჭიერი ახალგაზრდებისთვის. ევროკავშირი თან ახლდა უკრაინას ამ პროცესში. რა თქმა უნდა, უკრაინის ხალხმა იცის, რომ მათ დემოკრატიას ჯერ კიდევ გარკვეული ხარვეზები და პრობლემები აქვს, თუმცა უკრაინა დღეს უფრო ძლიერი, თავისუფალი და სუვერენული ქვეყანაა, ვიდრე 2014 წელს იყო. სწორედ ამიტომ ემუქრება მას კრემლი“, - აღნიშნა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.

 

მისი თქმით, იდეა, რომ კრემლმა უნდა გადაწყვიტოს, რა სურთ ან არ სურთ უკრაინელებს, უბრალოდ მიუღებელია.

 

„გავლენის სფეროების იდეა გასული საუკუნის აჩრდილია. ეს კრიზისი უკრაინასა და არა მხოლოდ უკრაინას ეხება. საუბარია იმაზე, თუ რას ნიშნავს იყო სუვერენული, დამოუკიდებელი და თავისუფალი ქვეყანა 21-ე საუკუნეში. ეს ეხება ყველას უფლებას შიშისგან თავისუფლად იცხოვროს. ეს ეხება ყველა ქვეყნის უფლებას, თავად განსაზღვროს თავისი მომავალი. ეს არის გზავნილი, რომელსაც ჩვენი კავშირი კრემლს გადასცემს. რუსეთის ხელისუფლება ევროკავშირის დაყოფას ცდილობდა, მაგრამ მათი მცდელობა ჩაიშალა. ევროკავშირი და მისი ტრანსატლანტიკური პარტნიორები გაერთიანებულნი არიან ამ კრიზისში. ჩვენი მოწოდება რუსეთის მიმართ მკაფიოა: ნუ აირჩევთ ომს. ევროკავშირსა და რუსეთს შორის თანამშრომლობის გზა ჯერ კიდევ შესაძლებელია. რუსეთის აგრესიის შემთხვევაში, ევროპის რეაქცია სწრაფი და მტკიცე იქნება. ეს მოსკოვის მიერ შექმნილი კრიზისია. ჩვენ არ აგვირჩევია დაპირისპირება, თუმცა მზად ვართ ამისთვის“, - აღნიშნა მან.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner