logo_geo
eng_logo
სოზარ სუბარი: პაპუაშვილმა ის ვერ მოახერხა, რაც მიხეილ სააკაშვილს უნდოდა
- +

5 აგვისტო. 2016. 15:39


„ქართული ოცნების" შეფასებით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში „ნაციონალური მოძრაობის" მხრიდან საკონსტიტუციო რევოლუციის გეგმას ჰქონდა ადგილი.


„პაპუაშვილმა ის ვერ მოახერხა, რაც მიხეილ სააკაშვილს უნდოდა", - აცხადებს დევნილთა მინისტრი სოზარ სუბარი, რომლის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილს აღარ დარჩა ხელში აღარანაირი პოლიტიკური კარტი და ცდილობს, ბოლო კარტი გაათამაშოს, არჩევნების წინ ვითარების დასაძაბად.

 

„პაპუაშვილმა ის ვერ მოახერხა, რაც მიხეილ სააკაშვილს უნდოდა, მაგრამ მოახერხა სხვა უფრო ცუდი რამ - მოახერხა საზოგადოების თვალში საკონსტიტუციო სასამართლოს დისკრედიტაცია. ძალიან სამწუხაროა, რომ ეს ადამიანი საკონსტიტუციო სასამართლოს სახელს, მოსამართლეთა სახელსა და ღირსებას ასე პოლიტიკურ იარაღად იყენებს", - განაცხადა სოზარ სუბარმა.


დეპუტატი ეკა ბესელია ამბობს, რომ გამოძიებამ უნდა დაადგინოს, ვინ არღვევდა საკონსტიტუციო სასამართლოში კანონს და ვის მიერ ხორციელდებოდა უკანონო ქმედებები.


მისივე თქმით, საკონსტიტუციო სასამართლოს ხუთმა წევრმა დაადასტურა, რომ საქმეთა განხილვის დროს ადგილი ჰქონდა კანონდარღვევებს - კერძოდ, სარჩელების შეცვლას, მათ შორის იმ სარჩელების, რომელიც შეტანილი იყო გახმაურებულ საქმეებზე.


„რატომ იცვლებოდა სარჩელები? რა მიზანი ჰქონდა სარჩელების შეცვლას? - იყო კონკრეტული მიზანი. კერძოდ, როგორც ჩანს, არსებობდა წინასწარი შეთანხმება სარჩელის შემომტანსა და საკონსტიტუციო სასამართლოს ცალკეულ მოსამართლესა თუ ცალკეულ მოსამართლეებს შორის, რომ შეცვლილი, დამატებული სარჩელის მოთხოვნით, დამატებით გასაჩივრებული მუხლების მითითებით იმ ნორმების გაუქმება მომხდარიყო, რომელიც კონკრეტული პოლიტიკური ჯგუფისთვის სასურველი შედეგის დადგომას ისახავს მიზნად.

 

ამიტომაც ძალიან მნიშვნელოვან საქმეებზე სარჩელების შეცვლა იკვეთება. ერთ შემთხვევაში ეს არის 10-გვერდით შეცვლილი სარჩელი და იმავე ნომრით დარეგისტრირებული. ასეთია „რუსთავი2"-ის საქმე, „კაბელების საქმე", რაზეც მოსამართლე მერაბ ტურავამ ისაუბრა. ეს არის დანაშაულებრივი ფაქტები, რასაც გამოძიება სჭირდება", - აცხადებს ეკა ბესელია.


მისივე ინფორმაციით, ყველა ის სარჩელი, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის" ინტერესის სფეროშია მოქცეული და, ასეთი შვიდ სარჩელზე მეტია, მხოლოდ და მხოლოდ ერთი კოლეგიის სამ მოსამართლეს ეწერება. ბესელიას განცხადებით, ამ საქმეთა შორის არც ერთი მეორე კოლეგიას არ გადაეცა და ასევე, არ გადაეცა პირველი კოლეგიის მეოთხე მოსამართლეს - მერაბ ტურავას.

 

„ეს სარჩელები შინაარსობრივად ერთმანეთთან არ იყო კავშირში. მათ აკავშირებდა მხოლოდ ის, რომ შემომტანი იყო ერთი და იგივე პირი, დაკავშირებული „ნაციონალურ მოძრაობასთან". ასევე იკვეთება ამ კოლეგიის ორი მოსამართლის პირდაპირი კავშირი „ნაციონალურ მოძრაობასთან" და ახლო კავშირი ნიკა გვარამიასთან. გარდა ამისა, მოსამართლე ტურავას მხრიდან დისციპლინური დევნა დაიწყო იმ ფაქტთან დაკავშირებით, რომელიც სასამართლო გადაწყვეტილებაზე ხელმოწერის იძულებას ეხება, თუმცა ეს დისციპლინური წარმოება დღემდე დასრულებული არ არის, რაც კიდევ ერთი ფაქტია, თუკი კონკრეტული მოსამართლის მიმართ ზეწოლაზე შეიძლება იყოს საუბარი", - აღნიშნა ეკა ბესელიამ.


ბესელიამ საკონსტიტუციო სასამართლოში საქმეების განხილვის სტატისტიკაზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ 2013-2014 წლებში შესული სარჩელების განხილვა დღემდე არ დაწყებულა, მაშინ როცა ყველა იმ საქმის განხილვა, რომელიც პოლიტიკურად „ნაციონალურ მოძრაობასთან" არის დაკავშირებული, 6-7 დღეში იწყებოდა.


ბესელიას შეფასებით, სწრაფი მართლმსაჯულება კარგია, მაგრამ ის მხოლოდ ერთი პოლიტიკური გუნდის ინტერესების გათვალისწინებით არ უნდა ხორციელდებოდეს.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner