„მაღალმთიან დასახლებაში მცხოვრების სტატუსის მისაღებად შინაურ ცხოველებთან ფოტოსურათის გადაღება სავალდებულო არ არის", - ამის შესახებ ჭიათურის გამგეობის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. აღნიშნული განცხადებით, გამგეობა საინფორმაციო საშუალებების მიერ ბოლო დღეებში გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება, სადაც ნათქვამი იყო, რომ მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მინიჭებისთვის ჭიათურის გამგეობა შინაურ ცხოველთან ფოტოს გადაღებას ითხოვს.
„ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თითქოსდა, ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგეობა მაღალმთიან დასახლებაში მცხოვრების სტატუსის მისაღებად, სავალდებულოდ მოითხოვს შინაურ ცხოველებთან ერთად გადაღებულ ფოტოსურათებს, სინამდვილეს არ შეესაბამება. ასეთი ფოტომასალის წარმოდგენას არ ითვალისწინებს არცერთი სამართლებრივი აქტი. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ არც ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგეობის მხრიდან ჰქონია ადგილი მსგავს მოთხოვნას.
სამწუხაროდ, მოთხოვნილი დოკუმენტების ჩამონათვალი არასწორად იქნა ინტერპრეტირებული და გავრცელებული კონკრეტული საჯარო მოხელის - გამგებლის წარმომადგენლის მიერ", - ნათქვამია გამგეობის განცხადებაში.
მათივე ცნობით, აღნიშნულ ფაქტზე, ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგეობა რეაგირებას მოახდენს.
„აღსანიშნავია, რომ მსგავს ფაქტს ადგილი ჰქონდა მხოლოდ სოფელ ქვედა ჭალოვანში და ასეთი მოთხოვნები არ ყოფილა ჭიათურის მუნიციპალიტეტის მაღალმთიანი დასახლების სტატუსის მქონე დანარჩენ 14 სოფელში.
ბოდიშს ვუხდით სოფელ ქვემო ჭალოვანის მოსახლეობას შექმნილი დისკომფორტისთვის. ვიმედოვნებთ, რომ აღნიშნული ინციდენტის გამო მაღალმთიანი დასახლებებისთვის კანონით გათვალისწინებული სიკეთეების განხორციელებას ხელი არ შეეშლება", - ნათქვამია ჭიათურის გამგეობის განცხადებაში.