logo_geo
eng_logo
ლაშა ხუციშვილი „ეკონომიკური თავისუფლების ინდექსში“ საქართველოს პოზიციის შესახებ
- +

17 თებერვალი. 2022. 22:11

 

„ბატონო რომან, ალბათ, როდესაც ნახეთ ეს ანგარიში, იქვე ნახავდით თუ რა პერიოდს ეხება - ეს არის 2020 წელი, როდესაც ქვეყნის ვალი იყო 60% და ბიუჯეტის დეფიციტი - 9.3%“, - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, რომან გოცირიძის კითხვის საპასუხოდ, რომელმაც „ეკონომიკური თავისუფლების ინდექსში“ საქართველოს პოზიციების გაუარესებაზე ისაუბრა.

 

როგორც ფინანსთა მინისტრმა განმარტა, შეფასება ეხება 2020 წელს და პანდემიით გამოწვეულ სირთულეებს.

 

„ბუნებრივია, როდესაც ავიღებთ ერთ კონკრეტულ წელს, მითუმეტეს, პანდემიიდან გამოწვეულ სიძნელეებს, ასევე, მეთოდოლოგიას, რომლითაც აღნიშნული ორგანიზაცია აფასებს  ქვეყნებს - იქნება გაუარესება. თუმცა, აქვე შეგახსენებთ, რომ ის პარამეტრები რომელზე დაყრდნობითაც ხდება შეფასება, 2021 წელს უკვე მნიშვნელოვნად არის გაუმჯობესებული. ეს მონაცემები, რა თქმა უნდა, აისახება უკვე შემდეგი წლის შეფასებებში. ის ეკონომიკური ზრდის ტემპი, რომელიც ქვეყანას ჰქონდა 2021 წელს, დეფიციტისა და ვალის შემცირება, მათი მეთოდოლოგიით ამ ანგარიშში, სამწუხაროდ, ვერ მოხდა. მე ვერ დავიწყებ ამ რეიტინგის კონკრეტული მიმართულების კრიტიკას, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ამ მიმართულებას უფრო პროფესიულ დონეზე აფასებენ სარეიტინგო კომპანიები როგორიცაა: fitch-ი, S&P და სხვა ორგანიზაციები. ჩვენ სულ ახლახან გვქონდა აღნიშნული ორგანიზაციების შეფასება და საქართველოს დაუდასტურეს საკრედიტო რეიტინგი იმ დონეზე, რა დონეზეც ქვეყანას ჰქონდა პანდემიის დაწყებამდე. ის, რომ მაკროეკონომიკური მიმართულებით ქვეყანამ საკმაოდ წარმატებული ნაბიჯი გადადგა, იყო ერთ-ერთი მთავარი მიზეზი იმისა, თუ რატომ დაუბრუნდა ქვეყანა პანდემიამდე არსებულ საკრედიტო რეიტინგს. შესაბამისად, ამ მიმართულებით თქვენს კრიტიკას ნამდვილად ვერ გავიზიარებ“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.

 

როგორც მან აღნიშნა, სარეიტინგო კომპანიების მიერ დადებითად არის შეფასებული საქართველოს მიერ პანდემიის საპასუხოდ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებიდან ფინანსური რესურსების მოზიდვის ფაქტი.

 

„ამ ნაბიჯის გამო ქვეყანას მომატებული აქვს ქულა იმიტომ, რომ ქვეყნის მაკროეკონომიკური მდგომარეობა იძლეოდა ამის შესაძლებლობას. მეორე მხრივ, იმ ნაბიჯებმა, რომელიც ქვეყანამ გადადგა 2021 წელს დეფიციტის ვალის მოცულობის შემცირების მიმართულებით, განაპირობა ის, რომ ქვეყანას დაუდასტურდა საკრედიტო რეიტინგი იმ დონეზე, რა დონეზეც ჰქონდა პანდემიამდე“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner