logo_geo
eng_logo
ლაშა ხუციშვილი: მოვისმინე თითქოს ისტორიულად მაღალი ინფლაცია გვაქვს დღეს, რაც ნამდვილად ტყუილია - 2006 და 2010 წლებშიც, ინფლაცია იყო იმაზე მაღალი, ვიდრე დღეს
- +

17 თებერვალი. 2022. 22:12

 

„ეს არ ნიშნავს იმას, რომ დღევანდელი ინფლაციის დონე პრობლემა არაა, პრობლემაა და სწორედ ამიტომ, მთავრობამ მაქსიმალურად სწრაფად დაიწყო საბიუჯეტო დეფიციტის შემცირება“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა პარლამენტში გამოსვლისას.

 

მისი თქმით, ინფლაციასთან დაკავშირებით, ბუნებრივია, არსებობს გამოწვევები, თუმცა უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ინფლაცია არის, პრაქტიკულად, მსოფლიოს ყველა ქვეყანაში.

 

„გამოითქვა მოსაზრება, რომ თითქოსდა ჩემს მოხსენებაში არ იყო ნახსენები ინფლაცია და ფასების ზრდა. დიდი ალბათობით, არ მოგეცათ შესაძლებლობა, მოგესმინათ მოხსენებისთვის ან პრეზენტაცია გენახათ. მე დასახელებული მქონდა კონკრეტული სექტორები, რა მიმართულებითაც საერთაშორისო ბაზრებზე მოხდა ფასების ზრდა და შესაბამისად, ბენებრივია, შეუძლებელია, რომ ეს არ ასახულიყო საქართველოს ეკონომიკაზე. მთელ მსოფლიოში მიჩნეულია, რომ ინფლაცია არის პანდემიის ერთ-ერთი თანმდევი ეფექტი ეკონომიკაში. რას აკეთებს ეროვნული ბანკი და მთავრობა ამ მიმართულებით? ეროვნული ბანკის ფუნქციაა ინფლაციის მიზნობრივ მაჩვენებელთან დაახლოება და ამ კუთხით, ძალიან ბევრი ნაბიჯი გადაიდგა. გარდა ამისა, გაიზარდა რეფინანსირების განაკვეთი. ასევე, ეროვნულ ბანკს აქვს ძალიან ბევრი ინსტრუმენტი, იმისთვის, რომ ინფლაციის მაჩვენებელი დასტაბილურდეს. რაც შეეხება მთავრობას - ჩვენ 9,3%-იანი დეფიციტი, რომელიც გვქონდა პანდემიიდან გამომდინარე, ძალიან სწრაფად შევამცირეთ. გასულ წელს მიუხედავად იმისა, რომ 7,6% იყო დადგენილი საბიუჯეტო დეფიციტი, შევძელით და ფაქტობრივი მაჩვენებელი შევამცირეთ 6,1%-მდე, დამტკიცებული პარამეტრით ჩამოსული ვართ 4,4%-მდე თუმცა მოსალოდნელია, რომ კიდევ უფრო დაბალი იყოს და შემცირდეს  4,1%-მდე  იმ პირობებში, როდესაც მინიმუმ ერთი პროცენტი ბიუჯეტისა მიმდინარე წელსაც უშუალოდ ჯანდაცვისა და პანდემიის მიმართულებით იხარჯება და უკვე 2023 წლისთვის, როგორც ამას საქართველოს კანონმდებლობა გვავალდებულებს, საქართველოს მთავრობა უზრუნველყოფს იმას, რომ ბიუჯეტის დეფიციტი ჩამოცდება 3%-ს. ორ წელიწადში საბიუჯეტო დეფიციტის 6%-ზე მეტით შემცირება ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯია. ვფიქრობ, რომ ნამდვილად არ არის ურიგო შედეგი, რაც ფისკალური კონსოლიდაციის მიმართულებით გვაქვს გადადგმული და ბუნებრივია, ეს ყველაფერი მოიტანა იმ მაღალმა ეკონომიკურმა ზრდამ, რომელიც გვქონდა გასულ წელს - 10,6%. შესაბამისად, ამან საშუალება მოგვცა შეგვემცირებინა ბიუჯეტის დეფიციტი და დამატებითი 1 მილიარდი ლარის რესურსი გამოგვეყო ჯანდაცვის სექტორისთვის, უშუალოდ კოვიდთან მიმართებით, მომხდარიყო იმ ინფრასტრუქტურული პროექტების დაჩქარება, რომელიც თავის მხრივ, ხელს უწყობს ეკონომიკურ ზრდასა და დასაქმებას“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner