„ოპონენტები იძახიან, რომ ტენდერებს, თურმე, „ქართული ოცნების“ მომხრეები იგებენ, ჩვენი მომხრეები კი, ამბობენ პირიქით - ყველაფერს „ნაციონალური მოძრაობის“ მომხრეები იგებენო. ამ საკითხით დავინტერესდი და აღმოჩნდა, რომ იშვიათად ნახავ ტენდერს 2012 წლის შემდგომ შექმნილი ორგანიზაციები იგებდნენ“, - განაცხადა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრმა, პაატა კვიჟინაძემ მინისტრის საათის ფორმატში ფინანსთა მინისტრის, ლაშა ხუციშვილის გამოსვლის შემდეგ.
მისი თქმით, წარმოუდგენელია ტენდერი ვინმეს „მისცე“ და ამის თქმა ნიშნავს იმას, რომ აღნიშნული თემა არ იცი.
„პირადად მე, პრობლემა არ მაქვს, რომ 2012 წლამდე შექმნილი ორგანიზაციები ტენდერებს იგებენ, მთავარია კეთილსინდისიერება. ტენდერის ვინმესთვის „მიცემა“ წარმოუდგენელია. სანამ არ გამოცხადება შედეგი, არავინ იცის ვინ არის მოგებული. ეს კანონი ჩვენი მიღებული არ არის, ის კარგი კანონია და თქვენი მიღებულია, ამას არ ვდავობ, მაგრამ ტენდერის ვინმესთვის „მიცემა“ წარმოუდგენელია, ვერ მოახერხებ“, - განაცხადა პაატა კვიჟინაძემ.
მისივე თქმით, „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პერიოდში პირდაპირი შესყიდვები განახევრდა, როგორც თანხაში, ასევე რაოდენობაში.