logo_geo
eng_logo
ნინი ბადურაშვილი: „პადნოშკებით“ დავიღალე“
- +

7 მარტი. 2016. 19:30


გთავაზობთ ფრაგმენტს ნინი ბადურაშვილის ექსკლუზიური ინტერვიუდან, რომელიც „კვირის პალიტრის" საიტზე გამოქვეყნდა. ინტერვიუში მომღერალი იმ თემებზე ლაპარაკობს, რომელზეც აქამდე არ უსაუბრია.


- მუდმივად ჭორების ობიექტი ვიყავი. არ ვიცი, რატომ იგონებდნენ ჩემზე ამდენ ჭორს. არადა, რეალობასთან საერთო არაფერი ჰქონდა. ერთი ყველაზე გამაოგნებელი ჭორი შემითხზეს ადამიანზე, რომელსაც საერთოდ არ ვიცნობდი, თან, საკაოდ დიდი ფიგურა იყო. თავიდან გეცინება, მაგრამ საბოლოოდ ცხოვრებას გირევს - გამოგონილ ამბავს ყველა იჯერებს და ჰგონია, მართლაც ასეა... ამ არეულ პერიოდში უეცრად გავთხოვდი. მაშინ მეგონა, ეს იყო ის, რაც მინდოდა - ადამიანით რომ აღფრთოვანდები, მაგრამ მალე მიხვდები, რომ ეს ნაბიჯი შეცდომა იყო.


- როგორც მივხვდი, ჭორებმა და არეულმა პერიოდმა ოჯახის შექმნისკენ  გიბიძგა?

 

- მარტო ამან არა, ბევრი რამ საზოგადოებამ არ იცის, თან ეს მხოლოდ მე კი არა, ბევრ ადამიანს შეეხება... იყო ბრძოლა, გნებავთ, კარიერაში, პირადშიც... მერე სურვილი გამიჩნდა, რომ ამ ყველაფრისგან დამესვენა და აქაურობას გავცლოდი - „პადნოშკებით" დავიღალე, დიახ, მათთან ბრძოლას გაცლა ვამჯობინე!


- ნუთუ ასე გებრძოდნენ?

 

- როცა საზოგადოების ყურადღების ცენტრში ხარ, ყოველთვის ჩნდება ვიღაც, ვისაც არ სიამოვნებს, რომ სხვაზე წინ დგახარ...


- შენი ყოფილი მეუღლის თემას დავუბრუნდეთ...

 

- ირაკლი სხვა ტიპაჟია, მე - სხვა, აბსოლუტურად შეუსაბამო წყვილი ვართ. ცუდი ადამიანი ნამდვილად არ არის, უბრალოდ, ჩვენი წყვილი ვერ შედგა. ცოლად სხვა რომ მოიყვანოს, ალბათ, მასთან ბედნიერი იქნება. ვიდრე დავქორწინდებოდით, ეს არ ჩანდა, რადგან მხოლოდ ტელეფონითა და სკაიპით ველაპარაკებოდით ერთმანეთს. როდესაც ერთად აღმოვჩნდით, გაირკვა, რომ მე და ირაკლი როგორც ცა და დედამიწა ისე განვსხვავდებით. ასე მგონია, ჩვენი ქორწინება იმიტომ შედგა, რომ ამქვეყნად ელენე მოსულიყო...


- ისევ ჭორად გავრცელდა, რომ თითქოს შერიგებას აპირებთ. მართალია?

 

- არა, ვერ შევრიგდებით! ხომ ვამბობ, რომ ჩვენ სხვადასხვა ენაზე ვლაპარაკობთ და მხოლოდ ბავშვის გამო ვურთიერთობთ.


- შენი ოჯახი რას გეუბნება?

 

- ბაბუა მანამდეც არაფერს მეუბნებოდა, რადგან სხვანაირი კაცია, არავის პირად ცხოვრებაში არ ერევა. ჩემებს არ უნდოდათ, რომ ჩვენი ოჯახი დანგრეულიყო, მაგრამ მერე მიხვდნენ, რომ მეც ჩემი პრინციპები მაქვს, დამოუკიდებელი ვარ, საკუთარი შემოსავალი და სახელი მაქვს, ცხოვრება თავად ავიწყე, არა ვარ მორჩილი... ამიტომაც აღარაფერს ამბობენ. ირაკლიმაც ისე სწრაფად გადადგა ეს ნაბიჯი, რომ იმის გაანალიზება, რას აკეთებდა, ალბათ, ვერც მან მოასწრო.


- ელენეს დაბადებისას კვლავ აღმოჩნდი ჭორების ეპიცენტრში, რაც ოჯახის დანგრევით იყო გამოწვეული. შენზე ლაპარაკობდა სრულიად საქართველო.

 

- გაოგნებული ვიყავი, რატომ ხდებოდა ეს ჩემს ცხოვრებაში, ვერ ვხვდებოდი. წარმოუდგენელი სიგიჟე იყო... გულნატკენი ვიყავი იმით, რომ ადამიანები ჩემი მდგომარეობის გარჩევით ერთობოდნენ, ისიც მაოცებდა, რატომ ვიწვევდი ასეთ ინტერესს?! სამშობიაროში რომ მიმიყვანეს, მიმღებში პრესა დამხვდა და თავი საქართველოში არ მეგონა...


- დღეს ელენე შენს ცხოვრებაში მთავარი ადამიანია, რომელმაც, ალბათ, რადიკალურად შეგცვალა. მუსიკალური მონაცემები თუ აქვს?

 

- სამწუხაროდ, ამას ვერ ვატყობ, მე მის ასაკში უკვე ვმღეროდი... აჩემებულიც არა აქვს, რომ მსახიობი ან მომღერალი გამოვიდეს. მინდა ძლიერი, დამოუკიდებელი ქალი იყოს, მიყვარს ასეთი ქალები, მეც ასეთი ვარ, თუმცა ძლიერ ქალებს, როგორც წესი, პირადი ცხოვრების აწყობა უჭირთ, მათ გვერდით მამაკაცებიც იჩაგრებიან. ვნახოთ, ელენეს არჩევანი როგორი იქნება, ამაზე ლაპარაკი ჯერ ძალიან ადრეა. მის ცხოვრებაში რადიკალურად ვერ ჩავერევი, მაგრამ ვეცდები სწორი მიმართულება მივცე.


- ოჯახის შექმნას კიდევ აპირებ?

 

- კი, არ მეშინია ამ ნაბიჯის გადადგმის, მაგრამ ჯერჯერობით კარგად ვრძნობ თავს. თუმცა ირაკლისთან დაშორების შემდეგ ცოტა სხვანაირი გავხდი, ხასიათი შემეცვალა, უფრო დავმძიმდი...


ახლა რაღაც საინტერესო პერიოდი მაქვს, სტაბილურად ვარ და ეს ყველაფერი მომწონს. 3 წლის მერე ცხოვრებაში ახალი ეტაპი იწყება და ამიტომ კარგი ცხოვრების მოლოდინი მაქვს.


ლალი ფაცია


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner