საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, „ლელო“ არასდროს იყო დამოუკიდებელი მოთამაშე და მთლიანად „ნაციონალური მოძრაობის“ დღის წესრიგთან არის აფილირებული.
მისი თქმით, 2 აპრილის შუალედურ არჩევნებში, რუსთავში „ლელოს“ მაჟორიტარობის კანდიდატის, ბადრი ჯაფარიძის გამარჯვების შანსი მიზერულია.
„ლელო“ არასდროს იყო დამოუკიდებელი მოთამაშე და მთლიანად „ნაციონალური მოძრაობის“ დღის წესრიგთან არის აფილირებული. შანსი მათი გამარჯვების არის მიზერული. გამომდინარე აქედან, 2 აპრილის არჩევნებში, რუსთავში ხალხის ვერდიქტიც დაერთვება პარლამენტის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას“, - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.
პარლამენტის ოთხ წევრს, მათ შორის ბადრი ჯაფარიძეს სადეპუტატო უფლებამოსილება 16 თებერვალს შეუწყდათ, რის შემდეგაც, რამდენიმე საათში, „ლელოში“ განაცხადეს, რომ პარტია ჯაფარიძეს შუალედურ არჩევნებზე რუსთავის მაჟორიტარად წარადგენს.