ბათუმის ბულვარის ცენტრალურ შესასვლელში უკანონო შენობა-ნაგებობების დემონტაჟის განხორციელება დაიწყო.
ბულვარში აღნიშნული პლაჟი 2010 წელს თურქულ კომპანიას „ბატტუნს“ გრძელვადიანი იჯარით გადაეცა. კომპანიის მიერ უკანონოდ განხორციელდა შენობა-ნაგებობის განთავსება ბულვარის ტერიტორიაზე. შესაბამისი სამსახურების მხრიდან არაერთი გაფრთხილების მიუხედავად, კომპანიამ უარი განაცხადა, განეხორციელებინა უკანონო შენობის დემონტაჟი.
„სამართლებრივი დავა დემონტაჟთან დაკავშირებით წლების განმავლობაში მიმდინარეობდა. ბათუმის მერიის მიერ გატარდა ყველა შესაბამისი ღონისძიება და დაიწყო უკანონოდ განთავსებული ნაგებობების დემონტაჟი.
ბულვარი წარმოადგენს ბათუმის მთავარ სავიზიტო ბარათს. ბულვარის გენგეგმაზე მუშაობა დასკვნით ეტაპზეა, რომლის მიხედვითაც განისაზღვრება ბულვარში განთავსებული შენობების დასაშვები სახეობები და განთავსების ძირითადი პრინციპები“, - აცხადებენ ბათუმის მერიაში.