logo_geo
eng_logo
ბრიუსელში საქართველოსა და ბელგიის სამეფოს საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის ორმხრივი პოლიტიკური კონსულტაციები გაიმართა
- +

18 თებერვალი. 2022. 12:16

 

 

„ბრიუსელში, ორმხრივი პოლიტიკური კონსულტაციების მორიგი რაუნდი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ბელგიის სამეფოს საგარეო საქმეთა, საგარეო ვაჭრობისა და განვითარების სფეროში თანამშრომლობის სამინისტროს შორის გაიმართა. საქართველოს დელეგაციას ხელმძღვანელობდა მინისტრის მოადგილე თეიმურაზ ჯანჯალია, ხოლო ბელგიის დელეგაციას წარმოადგენდა ორმხრივი ურთიერთობების გენერალური დირექტორატის და უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელები, ლუკ ლიბოტი და ვინსენტ ვიაენი“, - ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

 

მათივე ინფორმაციით, პოლიტიკური კონსულტაციების დღის წესრიგი მოიცავდა ისეთ საკითხებს, როგორიცაა საქართველოსა და ბელგიაში პოლიტიკური და ეკონომიკური განვითარებები, ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობა და მისი შემდგომი გაღრმავების პერსპექტივები, ევროკავშირსა და ნატო-სთან ურთიერთობები, რეგიონულ და გლობალურ უსაფრთხოებასთან დაკავშირებული თემები.

 

კონსულტაციებისას, მხარეებმა კმაყოფილება გამოთქვეს საქართველოსა და ბელგიის სამეფოს შორის არსებული მჭიდრო და მეგობრული ურთიერთობების გამო, რომელთაც საფუძვლად უდევს საერთო ევროპული ღირებულებები და ინტერესები. ხაზი გაესვა იმ ფაქტს, რომ 2022 წელს საქართველოსა და ბელგიის სამეფოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 30-ე წლისთავია და გამოითქვა მზაობა, იუბილის ერთობლივად აღნიშვნის თაობაზე.

 

თეიმურაზ ჯანჯალიამ დეტალურად ისაუბრა საქართველოში დემოკრატიული რეფორმების მიმდინარეობის პროცესსა და ქვეყნის ეკონომიკური პოლიტიკის ძირითად მიმართულებებზე. მან მადლობა გადაუხადა ბელგიურ მხარეს საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით რეფორმებში მრავალწლიანი ჩართულობისათვის. აღინიშნა ორ ქვეყანას შორის პოლიტიკური დიალოგის კიდევ უფრო გააქტიურების მიზნით მაღალი დონის ვიზიტების ურთიერთგაცვლის აუცილებლობა.

 

მხარეებმა გამოთქვეს მზადყოფნა, წაახალისონ სავაჭრო მისიებისა და ბიზნეს-დელეგაციების ორგანიზების პრაქტიკა, რაც შემდგომ ბიძგს მისცემს სავაჭრო-ეკონომიკური პოტენციალის ათვისებას. ხაზი გაესვა ქვეყნებს შორის პირდაპირი საჰაერო მიმოსვლის აღდგენის მნიშვნელობას, რაც, მხარეთა განცხადებით, ხელს შეუწყობს როგორც ხალხთაშორისი და ტურისტული კავშირების, ისე ბიზნეს-წრეების წარმომადგენლებს შორის ურთიერთობების გააქტიურებას. განსაკუთრებული კმაყოფილებით აღინიშნა, რომ საქართველო 2023 წლის ოქტომბრიდან 2024 წლის მარტამდე ბელგიის კულტურული ფესტივალის „ევროპალია“ მასპინძელი ქვეყანა იქნება.

 

მხარეები დაეთანხმნენ ერთმანეთს, რომ ევროპაში კულტურის სფეროში ამ უდიდეს ღონისძიებაში მონაწილეობა საქართველოსათვის შესანიშნავი შესაძლებლობაა, ფართო მასებში მოახდინოს ქვეყნის კულტურის პოპულარიზაცია და საქართველოს, როგორც ევროპული ოჯახის წევრი ქვეყნის იმიჯის განმტკიცება. კონსულტაციებისას, ისაუბრეს საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის შეუქცევად პროცესზე.

 

ჯანჯალიამ ბელგიურ მხარეს მიაწოდა დეტალური ინფორმაცია საქართველოს მიერ ასოცირების შესახებ შეთანხმების განხორციელების მიმართულებით არსებულ პროგრესზე და ამავე დროს, გააცნო ბელგიურ მხარეს ის შესაძლებლობები, რაც ხელს უწყობს ასოცირების შესახებ შეთანხმების, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების ჩათვლით, უდიდესი პოტენციალის ათვისებას და როგორც ევროკავშირის ერთიან ბაზარზე ინტეგრაციისა და ზოგადად, სექტორული ინტეგრაციის მიღწევას. შეხვედრაზე განიხილეს 2021 წლის დეკემბერში გამართული „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამიტის შედეგები და მიღებული პოლიტიკური დეკლარაცია, რომელიც მოიცავს პარტნიორობის ახალ დღის წესრიგს, მათ შორის, ამბიციურ ეკონომიკურ და საინვესტიციო გეგმას.

 

აღინიშნა, რომ ქართული მხარისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია აღნიშნულ გეგმაში ერთ-ერთ საფლაგმანო ინიციატივად ევროკავშირთან შავ ზღვაზე დაკავშირებადობის განვითარების გამოყოფა, ვინაიდან ის სწორედ ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცის სარგებლის მაქსიმალურად ათვისებას შეუწყობს ხელს.

 

მხარეებმა ისაუბრეს „ასოცირებული ტრიოს“ ინიციატივის თაობაზე, როგორც საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვას მიერ ევროკავშირთან მეტი ინტეგრაციისკენ გადადგმულ ნაბიჯზე და ამავდროულად, ხაზი გაუსვეს „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ერთიანობის შენარჩუნების აუცილებლობას. კონსულტაციების მონაწილეებმა ისაუბრეს ნატო-საქართველოს თანამშრომლობის დადებით დინამიკასა და სამომავლო პერსპექტივებზე. აღინიშნა ავღანეთიდან განხორციელებულ სასწრაფო საევაკუაციო და ფართომასშტაბიან ჰუმანიტარულ პროცესებში საქართველოს მიერ გაწეული მნიშვნელოვანი თანადგომა და მხარდაჭერა. მხარეებმა ისაუბრეს ევრო-ატლანტიკურ სივრცეში არსებულ გამოწვევებსა და რეგიონში უსაფრთხოების კუთხით მიმდინარე მოვლენებზე.

 

ქართულმა მხარემ ხაზგასმით განაცხადა, რომ მიუღებელია ე. წ. „უსაფრთხოების გარანტიებზე“ რუსეთის ფედერაციის მიერ წარმოდგენილ დოკუმენტებში საქართველოსა და უკრაინის ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის საკითხზე გაჟღერებული გზავნილები. ბელგიური დელეგაციის ხელმძღვანელმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ბელგიის მხარდაჭერა ნატო-ს ღია კარის პოლიტიკისა და ზოგადად, წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო სისტემის მიმართ, მათ შორის, თითოეული ქვეყნის სუვერენული უფლებისადმი, თავად აირჩიოს საკუთარი უსაფრთხოების ალიანსები თუ სხვა სახის გაერთიანებები.

 

კონსულტაციების ფარგლებში საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ყურადღება დაუთმო რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებათა კუთხით არსებულ ვითარებას. მან გაუზიარა ბელგიურ მხარეს განსაკუთრებული შეშფოთება ფაქტობრივი ანექსიისკენ მიმართული პროცესის გააქტიურებისა და რუსეთის მიერ ჰუმანიტარული საკითხების პოლიტიზირების გამო, რაც მიმართულია ვითარების დესტაბილიზაციისკენ. ასევე, გააცნო უკანონო ბორდერიზაციისა და რუსეთის სხვა პროვოკაციული ქმედებები, მათ შორის, გახშირებული უკანონო დაკავებები და გატაცებები.

 

შეხვედრაზე ხაზი გაესვა რუსეთის მიერ ევროკავშირის შუამავლობით 2008 წლის 12 აგვისტოს დადებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულებისა და ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში რუსეთის კონსტრუქციული ჩართულობის აუცილებლობას. აღინიშნა ადამიანის უფლებათა ევროპის სასამართლოს 2021 წლის 21 იანვრის გადაწყვეტილება, რომელიც სამართლებრივად ადასტურებს რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ოკუპაციას და რუსეთს აკისრებს ვალდებულებას ადამიანის უფლებების დარღვევისთვის. ქართულმა მხარემ ყურადღება გაამახვილა საქართველოს სამშვიდობო პოლიტიკის განხორციელებაზე.

 

თეიმურაზ ჯანჯალიამ მადლობა გადაუხადა ბელგიურ მხარეს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაში მონაწილეობის გამო. ბელგიის საგარეო უწყების წარმომადგენლებმა, თავის მხრივ, კიდევ ერთხელ გამოხატეს ურყევი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი. მხარეებმა ისაუბრეს სამხრეთ კავკასიის რეგიონში არსებულ ვითარებაზე. მინისტრის მოადგილემ მასპინძელ მხარეს გააცნო საქართველოს სამხრეთ კავკასიის სამშვიდობო-სამეზობლო ინიციატივა და დაადასტურა ქართული მხარის მზაობა, კვლავაც შეიტანოს წვლილი რეგიონში მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის საქმეში. კონსულტაციების ფარგლებში განხილვის თემას, ასევე, წარმოადგენდა ქვეყნებს შორის საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში არსებული მჭიდრო თანამშრომლობა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner