„არის დეტალები, რომელიც უკავშირდება „ნაცმოძრაობისა“ და გახარიას ალიანსს, კავშირებს, რომელიც ჯერ კიდევ ბევრად ადრე წარმოიშვა, ვიდრე გახარია ჩვენი პოლიტიკური გუნდიდან გავიდოდა“, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, შესაძლოა, გახარიას გარკვეული ქმედებები ნაკარნახევი იყო ამ ალიანსით. კობახიძემ აღნიშნა, რომ ამ დეტალებს საზოგადოებას მალე გააცნობენ.
„ერთი ის, რომ ალიანსი არსებობს „ნაცმოძრაობასა“ და გახარიას შორის, ამაზე კითხვის ნიშნები მთლიანად მოხსნილია და თავადვე დაადასტურეს ოფიციალური კოალიციით. ეს ალიანსი მათ უკვე ოთხ მუნიციპალიტეტში გააფორმეს. არის დეტალები, რომელიც უკავშირდება ამ ალიანსს, კავშირებს, რომელიც ჯერ კიდევ ბევრად ადრე წარმოიშვა, ვიდრე გახარია ჩვენი პოლიტიკური გუნდიდან გავიდოდა და ძალიან ბევრი დეტალი, ნიუანსი შესაძლოა იყოს საინტერესო საზოგადოებისთვის. ამ თანამშრომლობის დეტალებზე გვაქვს საუბარი, რასაც საზოგადოებას მოგვიანებით ვაცნობებთ.
შესაძლოა, ეს იყოს დაფინანსებასთან დაკავშირებული საკითხები. შესაძლოა, ეს იყოს გარკვეული ქმედებები, რომელიც ნაკარნახევი იყო ამ ალიანსით და ასე შემდეგ. მაგალითად, გახსოვთ, რომ ძალიან საეჭვოდ იყო ჩატარებული სპეცოპერაციები იგივე პანკისში, იგივე 20 ივნისსა და ასე შემდეგ. შეიძლება ამის უკანაც იდგეს „ნაცმოძრაობის“ კვალი და რა თქმა უნდა, ამ დეტალებს გავაცნობთ საზოგადოებას“, - განაცხადა კობახიძემ.