logo_geo
eng_logo
გიორგი ცუცქირიძე: მიმდინარე წელსაც გვექნება ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ზრდა, რაც საშუალებას მოგვცემს, კიდევ უფრო შემცირდეს უმუშევრობა
- +

18 თებერვალი. 2022. 15:43

 

 

„გასული წლის მეოთხე კვარტალში გაიზარდა როგორც დასაქმებულთა რაოდენობა, ასევე სამუშაო ძალა, ხოლო უმუშევრობის დონე შემცირდა, რაც ცალსახად პოზიტიური ფაქტორია და ეკონომიკის სწრაფი ზრდის კონტექსტში, დასაქმების მიმართულებით მნიშვნელოვან გაჯანსაღებაზე მიანიშნებს. 2021 წლის მეოთხე კვარტალში წინა წელთან შედარებით უმუშევრობის დონე 1.4 პროცენტული პუნქტით შემცირდა (20.4 პროცენტიდან) და 19.0 პროცენტი შეადგინა. აღსანიშნავია, რომ დასაქმებულთა რაოდენობა 46.3 ათასით გაიზარდა და 1 244.2 ათას ადამიანს გაუტოლდა. მათ შორის დაქირავებით დასაქმებულთა რაოდენობა გაზრდილია 36 ათასით, ანუ სამჯერ თვითდასაქმებულთა რაოდენობის ზრდასთან შედარებით, რაც თავის მხრივ 10 ათასს გადააჭარბა“, - წერს ეკონომიკის ექსპერტი გიორგი ცუცქირიძე თავის ფეისბუქ-გვერდზე.

 

მისი ინფორმაციით, სამუშაო ძალა (შრომის ბაზარზე აქტიური მოსახლეობა) 30.4 ათასით გაიზარდა და 1,536.1 ათას კაცს გაუტოლდა, ხოლო სამუშაო ძალის აქტიურობის დონე წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით გაიზარდა 1.2 პროცენტული პუნქტით და 51.2 პროცენტით განისაზღვრა.

 

„საქსტატის“ მონაცემების შეფასებისას, გიორგი ცუცქირიძე აღნიშნავს, რომ დასაქმების, სამუშაო ძალის და აქტიურობის დონის ზრდა წარმოადგენს მნიშვნელოვან პოზიტიურ ფაქტორს, რამდენადაც ეკონომიკის გაჯანსაღების ფონზე, ერთი მხრივ, გაიზარდა სამუშაო ძალის გარეთ მყოფი მოსახლეობის მხრიდან ეკონომიკურ აქტივობაში ჩართვის მზაობა და ისინი უკვე აქტიურად ეძებენ სამსახურს, ხოლო, მეორე მხრივ, მოიმატა დასაქმებულთა რაოდენობაც. ამავე დროს დასაქმების (სამუშაო ძალასთან შედარებით) უფრო მაღალი ზრდის ფონზე უმუშევრობის დონეც შემცირდა.

 

„ჩვენ მიმდინარე წელსაც, ყველა შეფასებით გვექნება ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ზრდა, რაც საშუალებას მოგვცემს, კიდევ უფრო შემცირდეს უმუშევრობა. მთავრობის ახალი დასაქმების პროგრამაც, რაც სოციალურად დაუცველი პირების გადამზადებას და შრომის ბაზარზე აქტიურად ჩართვას ემსახურება, უმუშევრობის შემცირებასთან ერთად, ეკონომიკის ზრდის ხელშემწყობი ფაქტორიც გახდება, განსაკუთრებით რეგიონებში ეკონომიკური აქტივობის გადატანით“, - მიაჩნია ექსპერტს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner