„რასაკვირველია, საკანში მყოფი სააკაშვილის იდეებია და ამ იდეებს ვერავინ გადაუხვევს, მათ შორის, ვერც ბადრი ჯაფარიძე, ვინაიდან „ნაცმოძრაობის“ გარეშე იგი ნაბიჯს არ დგამს“, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ „ქრონიკაში“ ჩართვისას განაცხადა.
კითხვაზე, რუსთავის შუალედურ არჩევნებზე ოპოზიციის გაერთიანებას რა ბედი ელის და რა შედეგი შეიძლება მოჰყვეს ამას ხელისუფლებისთვის, ვოლსკიმ განაცხადა, რომ ამომრჩეველმა სწორი არჩევანი უნდა გააკეთოს. უნდა იფიქროს, ვინ არის სტაბილურობის მხარეს და ვინ არის არეულობისა და დესტრუქციის მომხრე.
„ფაქტი ერთია, იყო შალვა ნათელაშვილის ეზოში გაერთიანება, შემდეგ ქოლგა ახსენა ერთ-ერთმა პოლიტიკოსმა, თუმცა თავად ამ ქოლგის ქვეშ ვერ მოხვდა. ეს „ნაცმოძრაობის“ ქოლგა დიდი ხანია არსებობს - ხან ფანჩატურის სახეს მიიღებს და ხან რას. რეალურად „ნაცმოძრაობის“ თემა, რასაკვირველია, დღესაც აქტუალურია და მისი ლიდერის სტრატეგია, რომ არავითარ შემთხვევაში არ უნდა მოხდეს ვითარების სტაბილიზაცია. გამორიცხულია, ვინმე წავიდეს. რასაკვირველია, საკანში მყოფი სააკაშვილის იდეებია და ამ იდეებს ვერავინ გადაუხვევს. მათ შორის, ვერც ბადრი ჯაფარიძე, ვინაიდან „ნაცმოძრაობის“ გარეშე იგი ნაბიჯს არ დგამს.
მისივე თქმით, რუსთავისა და გარდაბნის მცხოვრებლებს კარგად უნდა ესმოდეთ, გადახედონ სიტუაციას. სადაც ოდნავ უპირატესობა „ნაცმოძრაობას“ აქვს, ან ისეა ბალანსი, რომ მათ გარკვეული სიტყვა ეთქმით, არსად სიმშვიდე არ არის.
„ჩვენ საქმის კეთება თუ გვინდა და რუსთავის ახალ მერს, მერიას საშუალება ჰქონდეს, განახორციელოს მნიშვნელოვანი და მოცულობითი პროექტები, ამომრჩეველმა უნდა იფიქროს იმაზე, ვინ არის სტაბილურობის მხარესა და ვინ არის არეულობისა და დესტრუქციის მომხრე“, - განაცხადა ვოლსკიმ.
„ნაციონალური მოძრაობა“ რუსთავში მაჟორიტარობის კანდიდატს არ დააყენებს და მხარს „ლელოს“ წარმომადგენელს, ბადრი ჯაფარიძეს დაუჭერს.