ცნობილი ჟურნალისტი არმაზ სანებლიძე დღეს 86 წლის გახდა. უფროს კოლეგას დაბადების დღეს ჟურნალისტი ამირან ბუთურიშვილი სოციალური ქსელით ულოცავს.
„დღეს, 18 თებერვალს, ჩვენი უფროსი მეგობრის, დიდებული პიროვნების, ნაღდი, პროფესიონალი ჟურნალისტის, არმაზ სანებლიძის 86-ე დაბადების დღეა! ის არის სრულიად უბრალო და თავმდაბალი. ყოველთვის იქ არის, სადაც უნდა იყოს ნამდვილი ჟურნალისტი. მის კალამს მხოლოდ სიმართლისთვის, წესიერებისთვის, საქართველოს სადიდებელი საქმეებისთვის წერა ძალუძს.
1936 წელს დაიბადა თბილისში. 1954 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტის ჟურნალისტიკის განყოფილება. 1957-1969 წლებში იყო კომკავშირულ და პარტიულ სამუშაოზე; 1969-1970 წლებში - გაზეთ „მოლოდიოჟ გრუზიის“, 1970-1974 წლებში - „ახალგაზრდა კომუნისტის“ რედაქტორი. 1977-1986 წლებში - ტელევიზიისა და რადიომაუწყებლობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, 1986-1989 წლებში - თავმჯდომარე. 1989-1990 წლებში - მინისტრთა კაბინეტის საერთო და ინფორმაციის განყოფილებების გამგე. 1990-1992 წლებში - „საქართველოს რესპუბლიკის“ მთავარი რედაქტორის მოადგილე, 1992-1996 წლებში - პირველი მოადგილე; 1996 წლიდან მთავარი რედაქტორი. 2004 წლიდან ჟურნალისტური საქმიანობა განაგრძო გაზეთ „ასავალ–დასავალში“, 2009 წლიდან - გაზეთ „საქართველო და მსოფლიოში“. მკითხველს კარგად ახსოვს მისი რეპორტაჟები ჩერნობილიდან.
ვინც კარგად იცნობს არმაზ სანებლიძეს, არ უკვირს მისი რეგალიების და ჯილდოების სიუხვე: საქართველოს დამსახურებული ჟურნალისტი, საქართველოს ჟურნალისტთა კავშირის წევრი, შრომის წითელი დროშის, საპატიო ნიშნის, ღირსების და ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენების კავალერი, საქართველოს მინისტრთა საბჭოს პრემიის ლაურეატი“, - წერს ამირან ბუთურიშვილი.
„რეპორტიორი“ უერთდება მილოცვას და არმაზ სანებლიძეს ჯანმრთელობას, ხანგრძლივ სიცოცხლეს და შემოქმედებით წარმატებას უსურვებს.