logo_geo
eng_logo
ტარიელ ხარხელაური: არ გემშვიდობები! შეხვედრამდე, მეგობარო...
- +

18 თებერვალი. 2022. 23:54

 

 

პოეტი ტარიელ ხარხელაური პოლიტიკოს თამაზ მეჭიაურს სოციალური ქსელით ემშვიდობება.

 

„შვილო ტანჯულის ქვეყნისავ,

სული დაჰლიე ტანჯვითა,

მიუხვალ მამა-პაპათა

ამოღებულის  ხანჯრითა“.

ვაჟა

წუთისოფლიდან გასვლის ჟამს თუ ვინმე ამ სიტყვებს წინ წაიმძღვარებს, ერთ-ერთი გამორჩეული შენა ხარ...

 

ჩემო თამაზ! ჩემო მეგობარო! როგორ მეუხერხულება შენზე სამგლოვიარო სიტყვების წერა და ჩემთვის როგორ თავზარდამცემია შენი ამქვეყნიდან წინსწრებით გასვლა.

 

უხდებოდი შენს ქვეყანას, სჭირდებოდი შენს თიანეთს,  გვჭირდებოდი ჩვენ - უფრო მეტად შენს მეგობრებს...  სატირალსა და სავაგლახოს შენნაირი  წესით ნაცხოვრები კაცები არ სტოვებენ... მიდიხარ და მიგაქვს შენთვის სალოცავ ხატად გამხდარი თიანეთისა და თიანელებისგან საოცრად  ნატკენი გული... რა ვუყოთ, ძმაო! ეს წუთისოფლის თანმდევი სენია, ავადმყოფობაა.  დღევანდელობისაგან თავგზააბნეულებს ქვეყნისთვის  ავისა და კარგის გამორჩევისთვის ვერ მოგვიცლია, თვალი ვერ გაგვისწორებია, თვალი გონებისა, სინათლისა და სიყვარულის მადლით მხედველი... დროს ვერ მოვერიეთ, დროს - ერთმანეთის საკორტნელად წამქეზებელს. საქართველოზე ჯავრით სავსე და  ნატკენი გულით გაცილებს მთელი საქართველო.... არა მგონია ,იოლი იყოს შენნაირი კაცების ჭირისუფლობა, არადა, თურმე შეგვძლებია...

 

მართალი არ ვიქნები, თუ ამ დღეებში შენთვის  დაღვრილ ცრემლს გულჩვილობას მივაწერ. მხოლოდ ასეთი გულწრფელი  ცრემლი და ტკივილია ჭეშმარიტი ტკივილი. ეს ტკივილი და ეს ცრემლი გინათებდეს სულეთში ღირსებით მიმავალ გზას მამა-პაპათა აჩრდილებთან  ღირსეულად შესახვედრად...

 

ცრემლმა გაგალა თვალები,

უნდა უცრემლოდ გიტირო,

აღარც შენ მეპიტნავები -

შენაც ამჯავრდი სიკვდილო!

სიცოცხლესთან ხარ შეთქმული,

სულეთს გაუღე კარები,

სამშობლოსათვის ერთგულნი

მიდიან ლომა ხარები.

მზერა დაბინდეს ნისლებმა,

გავალ, მდუმარე გავცდები,

წუთისოფელი იცლება

თვირთვილიანი კაცების.

გზა ტკივილებით გავლიე,

ფიქრმა გაძარცვა გონება,

შენი დროც მოვა, ტარიელ!

აქ აღარ დაგედგომება...

 

არ გემშვიდობები!  შეხვედრამდე, მეგობარო...“- წერს ტარიელ ხარხელაური.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner