logo_geo
eng_logo
კიევი საერთაშორისო საზოგადოებასა და საერთაშორისო ორგანიზაციებს მოუწოდებს
- +

19 თებერვალი. 2022. 00:51

 

 

საერთაშორისო საზოგადოებას, უცხო სახელმწიფოებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებს მოვუწოდებთ, დაუყოვნებლივ დაგმონ რუსეთისა და მისი საოკუპაციო ადმინისტრაციების მიერ დონბასში განხორციელებული პროვოკაციები, რაც ძირს უთხრის პოლიტიკური და დიპლომატიური დარეგულირების პროცესს. ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი.

 

უკრაინის საგარეო უწყებაში ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ უკრაინა არ ატარებს და არ გეგმავს რაიმე დივერსიულ აქტს დონბასში.

 

„ბრალდებები იმის შესახებ, რომ უკრაინის მთავრობა შეტევითი ოპერაციის დაწყებას გეგმავს დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონების დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე, რეალობას არ შეესაბამება. ჩვენ კატეგორიულად უარვყოფთ რუსეთის მცდელობებს უსაფრთხოების ისედაც დაძაბული სიტუაციის გამწვავების კუთხით. ჩვენ მტკიცედ ვრჩებით პოლიტიკური და დიპლომატიური მოგვარების ერთგულნი და ჩვენს პარტნიორებთან ერთად მაქსიმალურად ვცდილობთ შემცირდეს დაძაბულობა და შევინარჩუნოთ სიტუაცია დიპლომატიური დიალოგის ფარგლებში“, - აღნიშნულია განცხადებაში.

 

ოფიციალური კიევი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ სათანადო რეაქციის არარსებობა ან ნეიტრალური პოზიცია მხოლოდ შემდგომ ესკალაციას ემსახურება.

 

მანამდე უკრაინის სეპარატისტული რეგიონების ე.წ. „ხელმძღვანელებმა“ მოსახლეობის რუსეთში ევაკუაცია გამოაცხადეს.

 

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის მიზნით, რუსეთი პროვოკაციის სცენარის განხორციელებას ცდილობს.

 

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, დმიტრო კულებას განცხადებით, ინფორმაცია, თითქოს უკრაინა დონბასის ოკუპირებულ რაიონებზე თავდასხმას ამზადებს, სინამდვილეს არ შეესაბამება.

 

უკრაინის გაერთიანებული ძალების შტაბში განაცხადეს, რომ გასული დღის განმავლობაში, სეპარატისტებმა ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი 60-ჯერ დაარღვიეს, მათ შორის 43 შემთხვევაში მინსკის ხელშეკრულებებით აკრძალული იარაღის გამოყენებით.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner