logo_geo
eng_logo
დავით ზალკალიანი: პრემიერს შესაძლებლობა ექნება სამხრეთ კავკასიის რეგიონზე ფოკუსირებულ პანელზე მიიღოს მონაწილეობა, სადაც ფართოდ გაშლის ჩვენს პოზიციებს და მოსაზრებებს, თუ რა არის საჭირო რეგიონში გრძელვადიანი მშვიდობის უზრუნველსაყოფად
- +

19 თებერვალი. 2022. 10:30

 

„პრემიერ-მინისტრს შესაძლებლობა ექნება სამხრეთ კავკასიის რეგიონზე ფოკუსირებულ პანელზე მიიღოს მონაწილეობა, სადაც ფართოდ გაშლის ჩვენს პოზიციებს და მოსაზრებებს, თუ რა არის საჭირო რეგიონში გრძელვადიანი მშვიდობის უზრუნველსაყოფად“, - ამის შესახებ ვიცე პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა მიუნხენში, ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.

 

საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია, თავიდან იქნას აცილებული ყველაზე მძიმე სცენარი, რომელმაც შეიძლება არა მხოლოდ რეგიონი, არამედ მთლიანად ევროპული უსაფრთხოება დააყენოს თავდაყირა.

 

„მონაწილეობა მივიღეთ მიუნხენის კონფერენციის გახსნის ცერემონიალში. გარდა ამისა, იყო რამდენიმე ორმხრივი შეხვედრა, მათ შორის ეკონომიკური მიმართულებით. ასევე, პრემიერ-მინისტრს შეხვედრები ჰქონდა ისრაელის თავდაცვის მინისტრთან და საუდის არაბეთის სამეფო კარის წარმომადგენელთან, პრინც ფეიზალთან. ბუნებრივია, ამ შეხვედრებზე ძირითადი აქცენტები იყო როგორც ორმხრივი ურთიერთობის თემატიკაზე, ასევე ეკონომიკური შესაძლებლობებით თანამშრომლობის გაფართოებაზე. რა თქმა უნდა, საუბრების მნიშვნელოვანი ნაწილი დაეთმო რეგიონული უსაფრთხოების საკითხებს, რადგანაც ყველას აინტერესებს სიტუაცია რეგიონში, ჩვენი ხედვა, ის გამოცდილება, რომელიც საქართველოს გასული წლებიდან აქვს. რა თქმა უნდა, ჩვენთვისაც საინტერესო იყო პარტნიორების ხედვა და მათი პოზიციების გაგება. ჩვენთვის ასევე მნიშვნელოვანი იყო განცხადებები, რომელიც გახსნით ნაწილში გაკეთდა და საზოგადოებამ იხილა, რომ იგივე აშშ-ის სახელმწიფო მდივანი როდესაც საუბრობს დღეს არსებულ სიტუაციაზე და პარალელებზე, ისაუბრა 2008 წელზე, საქართველოზე. ძალიან ბევრი პარალელი და მსგავსი სიტუაციაა. არსებული სიტუაციით ყველა ძალიან შეშფოთებულია, მთავარი აქცენტი და ფოკუსი იმაზეა, რა უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ არ დავუშვათ ომი და მოხდეს სიტუაციის დეესკალაცია. რამდენად წარმატებული იქნება საერთაშორისო თანამეგობრობა ამაში, გამოჩნდება. რა თქმა უნდა, ეს დამოკიდებული არ არის მხოლოდ საერთაშორისო თანამეგობრობის ძალისხმევაზე, ასევე დამოკიდებულია იმაზე, რუსეთის ფედერაციის მხრიდან რამდენად იქნება გამოხატული კეთილი ნება, რომ არ გადაიზარდოს ფართომასშტაბიან საბრძოლო მოქმედებებში, რადგანაც ამას უმძიმესი შედეგები ექნება არა მხოლოდ რეგიონზე, არამედ მთლიანად ახალი გეოპოლიტიკური სურათი წარმოიქმნება მსოფლიოში. ყველა ლიდერი, რომელიც აქ არის ჩამოსული, ამას ძალიან კარგად აცნობიერებს. პრემიერ-მინისტრს ექნება შესაძლებლობა ცალკე პანელში მიიღოს მონაწილეობა, რომელიც ჩვენს რეგიონზე, სამხრეთ კავკასიის რეგიონზე იქნება ფოკუსირებული. რა თქმა უნდა, ამ პანელზე კიდევ უფრო ფართოდ გაშლის პრემიერ-მინისტრი ჩვენს პოზიციებს და მოსაზრებებს, რა არის საჭირო იმისთვის, რომ რეგიონში უზრუნველყოფილი იყოს გრძელვადიანი მშვიდობა და თავიდან იყოს აცილებული ყველაზე მძიმე სცენარი, რომელმაც შეიძლება არა მხოლოდ რეგიონი, არამედ მთლიანად ევროპული უსაფრთხოება დააყენოს თავდაყირა”, - განაცხადა დავით ზალკალიანმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner