ირლანდიის პარლამენტის საგარეო საქმეთა და თავდაცვის გაერთიანებული კომიტეტის სხდომაზე, სადაც გაიმართა დისკუსია თემაზე -რუსეთის აგრესია უკრაინის წინააღმდეგ და ატლანტის ოკეანეში ირლანდიის ეკონომიკურ ზონაში შესაძლო რუსეთის სამხედრო წვრთნები, ირლანდიელმა სენატორებმა დეირმუდ უილსონმა და ჯერარდ ქროუველმა საქართველოს საკითხზეც ისაუბრეს. სენატორებმა მხარდაჭერა გამოხატეს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ, აღნიშნეს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე საოკუპაციო რეჟიმის ქმედებების მიუღებლობა და ასევე კითხვები დაუსვეს ირლანდიაში რუსეთის ელჩსაც.
„ბატონო ელჩო, თქვენ განაცხადეთ, რომ რუსეთის ჯარები უცხო ქვეყნების ტერიტორიაზე იმყოფებიან მხოლოდ ოფიციალური მოწვევის საფუძველზე. მინდა გითხრათ, რომ ქართველ ხალხს არასოდეს უთხოვიათ თავის ქვეყნის დაპყრობა. ასე რომ, ჩემი მეორე შეკითხვა შემდეგია: როდის გამოიყვანს რუსეთი ჯარს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან?“ - განაცხადა დეირმუდ უილსონმა.
„ჩვენ ამ კომიტეტის ფარგლებში, ვნახეთ ფოტოები საქართველოს იმ ტერიტორიების, რომელიც ამჟამად რუსეთის მიერ არის კონტროლირებადი, აგრეთვე ჩვენ ვნახეთ თუ როგორ გამოიყურებოდა ეს ტერიტორიები ოკუპაციამდე. იქ იყო სოფლები, იყო ფერმები, შენობები, ის ხალხით იყო დასახლებული. ახლა როგორც ჩანს, ყველა შენობა განადგურებულია. გთხოვთ, ამიხსენით, ეს ფაქტი. როგორც ჩვენთვის ცნობილია, საქართველოს საზღვრებზე მუდმივად მიმდინარეობს ზონდირება, საზღვრების იძულებით მოხაზვა. ჩვენ ასევე ვიცით, რომ ადგილობრივი მოსახლეობა, ფერმერები თავიანთ ბაღებს, სახნავ სათესს მიწებს დააშორეს. ხოლო თუ ისინი საკუთარ მიწაზე დაბრუნებას შეეცდებიან, მათ დაუყოვნებლივ აპატიმრებენ საოკუპაციო საზღვრის კვეთისას. თქვენ აცხადებთ, რომ იქ სამშვიდობო როლი გაკისრიათ, ანუ თქვენ წყნარად დგახართ იმათ გვერდზე, ვინც პასუხისმგებელია შენობების დანგრევაზე და სოფლების განადგურებაზე? თუ ამას სხვები სჩადიან მაშინ ვინ არიან ისინი ? ჩვენი ინფორმაციით, ამას რუსეთი სჩადის ამ ტერიტორიების ხელში ჩაგდების მიზნით“, - აღნიშნა ჯერარდ ქროუველმა.