„რაც გამოსაძიებელია, ყველაფერი უნდა იყოს გამოძიებული, მაგრამ სპეკულაციები მიუღებელია, მითუმეტეს, ასეთ მძიმე თემასთან დაკავშირებით“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ბათუმის საკრებულოს ოპოზიციონერი წევრის, ნუგზარ ფუტკარაძის გარდაცვალების ფაქტზე განაცხადა.
კობახიძემ ბათუმში, სასტუმრო „ჰილტონში“ „ნაციონალური მოძრაობის“ ქმედებებს სპეკულაცია უწოდა და განაცხადა, რომ აღნიშნული მიუღებელია.
„ქართული ოცნების“ პარტიის ლიდერმა მისი შეხვედრის პარალელურად გამართულ აქციასთან დაკავშირებით ასევე განაცხადა, რომ პროტესტის გამოხატა ყველას შეუძლია.
„საქართველო დემოკრატიული ქვეყანაა და თუ ვინმეს პროტესტის გამოხატვა სურს, შეუძლია გამოხატოს. რაც შეეხება სპეკულაციებს, რომელიც გვესმის ამ მძიმე თემასთან დაკავშირებით კონკრეტული პარტიის წარმომადგენლების მხრიდან, მიუღებელია. ასე არ უნდა ხდებოდეს, როდესაც საქმე ეხება ღირსეულ პოლიტიკურ ძალას, მაგრამ მათ ღირსებასთან პრობლემა აქვთ. რაც გამოსაძიებელია, ყველაფერი უნდა იყოს გამოძიებული, მაგრამ სპეკულაციები მიუღებელია, მითუმეტეს, ასეთ მძიმე თემასთან დაკავშირებით“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
კითხვაზე, შეხვდება თუ არა გარდაცვლილი ნუგზარ ფუტკარაძის დას, ნაზი ფუტკარაძეს, კობახიძემ კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით სპეკულაციები მიუღებელია. „თუ ჩვენთვის კონკრეტული სპეკულაცია მიუღებელია, ამის მიხედვით ვრეაგირებთ“, - განაცხადა კობახიძემ.
ბათუმში, სასტუმრო „ჰილტონში“, სადაც „ქართული ოცნების“ ღონისძიება მიმდინარეობდა, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა შეჭრა სცადეს.