„საცოდავი არის კაცი, რომელიც არჩევნების მერე თვეების განმავლობაში ემალება საზოგადოებას, ემალება საკუთარ წევრებსაც კი. ასეთი ადამიანი, რა თქმა უნდა, საცოდავია“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ გიორგი გახარიაზე განაცხადა.
კობახიძე გამოეხმაურა პარტია „საქართველოსთვის“ წევრის ნათია მეზვრიშვილის განცხადებას, რომელმაც აღნიშნა, რომ კობახიძე ეცოდება.
„მე არ მეცოდება, უბრალოდ საცოდავია“, - აღნიშნა კობახიძემ.
ამასთან, ჟურნალისტების კითხვაზე, როდის გეგმავს ის გიორგი გახარიას წინააღმდეგ მის მიერ დაანონსებული კომპრომატების გამოქვეყნებას, კობახიძემ აღნიშნა, რომ ის აღნიშნულ თემაზე საუბრისას ამ მძიმე სიტყვას არ გამოიყენებდა, რადგან „ქართული ოცნება“ ინფორმაციის გამოქვეყნებას აპირებს, რომელიც „ნაციონალური მოძრაობისა“ და გიორგი გახარიას პარტიის ალიანსის დეტალებს ააშკარავებს.
„კომპრომატს რაც შეეხება, კომპრომატს აქვს ცოტა რთული და ცუდი დატვირთვა. ამ ტერმინს მე არ გამოვიყენებდი. აქ საუბარია ინფორმაციაზე, რომელიც უკავშირდება იმ ალიანსს „ნაცმოძრაობასა“ და გახარიას შორის, რომელიც ისედაც ყველასთვის გახდა ცხადი კონკრეტული 4 კოალიციის მაგალითზე. პირდაპირ შეკრეს მათ ალიანსი, კოალიცია. ყველამ ისედაც იცის, რომ ეს ალიანსი არსებობს. რაც შეეხება მეტ ინფორმაციას დეტალებთან დაკავშირებით, საინტერესო დეტალებთან დაკავშირებით, ამაზე გვექნება მოგვიანებით საუბარი, რომელსაც დღეს ვერ გეტყვით.
არის ბევრი საინტერესო დეტალი და ეს დეტალები გახდება საზოგადოებისთვის ცნობილი. ეს დეტალები შეიძლება ჩვენც არ ვიცოდით თავის დროზე, მაგრამ მოგვიანებით გახდა ცნობილი და როცა გავიხედეთ უკან, ბევრი რამ უფრო ადვილად ასახსნელი გახდა. ანუ, რაღაცებს ვხსნიდით ჩვენ არაკომპეტენტურობით და ა.შ. თუმცა, მერე აღმოჩნდა, რომ შეიძლება ამ ყველაფერს ჰქონოდა სხვა ახსნა და სხვა მიზეზები. ამასთან დაკავშირებით საზოგადოებას მოვახსენებთ“, - განაცხადა კობახიძემ.
ის 20 ივნისის მოვლენებსაც შეეხო და აღნიშნა, რომ პარლამენტში შეჭრის მცდელობაზე რეაგირება იყო კანონიერი.
„რაც შეეხება რეაგირებას, პრაქტიკულად, ხელისუფლების გადატრიალების მცდელობაზე, რა თქმა უნდა, კანონიერი იყო და ემსახურებოდა კონსტიტუციური წესრიგის დაცვას, მაგრამ რაც შეეხება ფორმებს და კონკრეტულ გადაცდომებს, რაზეც ჩვენ გვქონდა თავის დროზე საუბარი, ამაზე, რა თქმა უნდა, მსჯელობა შეიძლება გაგრძელდეს“, - განაცხადა კობახიძემ.