„ყველაფერი, რაც „მთავარი არხის“ სიუჟეტში იყო, იყო ტყუილი. ძალიან ცუდი ცილისწამება იყო კონკრეტულად ჩემი და ჩემი ოჯახის მიმართ, თითქოს დედაჩემისა და მამაჩემის სახლში ვმალავდით მკვლელებს“, - ამის შესახებ გია გაჩეჩილაძემ „ქრონიკას“ განუცხადა.
„შევიტანეთ სარჩელი სასამართლოში. გვყავს ადვოკატი. ხვალ და ზეგ არ დადგება განაჩენი, მაგრამ მოვიცდით და ვნახავთ რა განაჩენი დადგება და რაც დააკისრებენ, ან დააკისრებენ თუ არ დააკისრებენ. მე მსგავსი არასოდეს არაფერი არ მითხოვია ჩემი ჟურნალისტებისთვის და არც ვიკადრებ ადამიანს ცილი დავწამო. მაგათ აქვთ ასეთი მიდგომები, სამივე ტელევიზიას. ოდესღაც ხომ უნდა დამთავრდეს ეს ყველაფერი. სასამართლოს გარდა პარლამენტს ვთხოვე მე, რომ იქნებ კანონში მოხდეს რაღაც ცვლილება ამ ცილისწამებებზე იმიტომ, რომ არ დამთავრდება ეს დაპირისპირებები, სანამ არ დამთავრდება ტელევიზიებიდან ეს საშინელი ტყუილები და ცილისწამება“, - ამბობს გაჩეჩილაძე.
გია გაჩეჩილაძის ოჯახმა ტელეკომპანია „მთავარი არხის“ წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანა.
2021 წლის 9 ოქტომბერს, ტელეკომპანიის ეთერში, გავიდა სიუჟეტი, რომელიც შეიცავდა ინფორმაციას თითქოს ნიკოლოზ კვარაცხელიას მკვლელობაში ბრალდებული პირების, რომლებიც მაშინ იძებნებოდნენ, ერთ-ერთი სამალავი ადგილი იყო ძმებ გაჩეჩილაძეების საცხოვრებელი სახლი.