logo_geo
eng_logo
დავით ზალკალიანი: მთელი საერთაშორისო საზოგადოება ამ წუთას არის ფოკუსირებული უკრაინაზე და მთლიანად მიუნხენის კონფერენცია უკრაინის თემატიკას ეთმობა
- +

19 თებერვალი. 2022. 23:25

 

„მთლიანად, მთელი საერთაშორისო საზოგადოება ამ წუთას არის ფოკუსირებული უკრაინაზე და მთლიანად მიუნხენის კონფერენცია უკრაინის თემატიკას ეთმობა და ის ფაქტი, რომ ამ დროს ცალკე პანელი, დისკუსია იმართება სამხრეთ კავკასიის პრობლემატიკაზე, სადაც საქართველოს პოზიციები არის უაღრესად მნიშვნელოვანი ჩვენი პარტნიორებისთვის, ეს ძალიან სერიოზული გზავნილია ჩვენი პარტნიორების მხრიდან“,- ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა მიუნხენში, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

 

დავით ზალკალიანის თქმით, მან ისაუბრა საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივაზე, იმ ინიციატივაზე, რომელიც მან წარმოადგინა გაეროს გენერალური ასამბლეის ტრიბუნიდან და იმ მედიაციის პროცესზე, რომელიც განხორციელდა.

 

„ძალიან საინტერესო დისკუსია გაიმართა. იყო წარმომადგენლობითი პანელი, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს ასევე კოლეგებმა აზერბაიჯანიდან და სომხეთიდან, ასევე იყო ეუთოს გენერალური მდივანი და მსოფლიო ბანკის პრეზიდენტი, გერმანიის განვითარების სააგენტო. მე ვისაუბრე საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივაზე, იმ ინიციატივაზე, რომელიც მან წარმოადგინა გაეროს გენერალური ასამბლეის ტრიბუნიდან და იმ მედიაციის პროცესზე, რომელიც განხორციელდა. ფაქტიურად, საქართველოს პრემიერ-მინისტრი იყო პირველი, ვინც დაიწყო ეს პროცესი გასული წლის ივნისში და ამას შემდგომ უკვე მოჰყვა შემდგომი ნაბიჯები. კერძოდ, ჩვენი ინიციატივა, რომელიც გულისხმობს სამხრეთ კავკასიის სამშვიდობო-სამეზობლო ინიციატივას, არის შეთავაზება ჩვენი მეზობლებისთვის, რომ თბილისი იქცეს ერთგვარ პლატფორმად დიალოგისთვის, სადაც საუბარი იქნება კონკრეტულ პროექტებზე. დღევანდელი გადმოსახედის ჭრილში უნდა დავინახოთ ჩვენ ეს, რადგან ეს არის ასევე ერთ-ერთი ეკონომიკური კომპონენტის შემოტანა, რომელიც მიმზიდველს გახდის რეგიონს, არის ერთ-ერთი შემაკავებელი ფაქტორი იმ გარე საფრთხეების გასანეიტრალებლად. თუკი რეგიონში იმ ინიციატივების იმპლემენტაციის შედეგად, რეგიონის მიმზიდველობა, საქართველოს მიმზიდველობა, ფუნქცია გაიზრდება, ეს, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი შემაკავებელი ფაქტორი იქნება და აქ ჩვენ გვაქვს სრული მხარდაჭერა ჩვენი პარტნიორებისგან. მზად არიან ასევე ფინანსური რესურსიც გაიღონ, დონორმა ორგანიზაციებმა, იმისთვის, რომ კონკრეტული პროექტები განვითარდეს ამ თვალსაზრისით და ვფიქრობ, რომ დღევანდელ ამ მძიმე სიტუაციაზე, მძიმე ფონზე, რომელიც შექმნილია, მსოფლიო და ჩვენი პარტნიორები რომ ფიქრობენ საქართველოზე, ჩვენ რომ ვართ დღის წესრიგში, ეს არის სწორედ კარგი გზავნილი და იმის მაჩვენებელი, რომ ჩვენი ინიციატივები, საქართველოს პრემიერის და საქართველოს ხელისუფლების ინიციატივები არის მხარდაჭერილი”,- აღნიშნა ვიცე-პრემიერმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner