აჭარის უმაღლესი საბჭოს იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის ლადო მგალობლიშვილის განცხადებით, ბათუმის ცენტრი, ევროპის მოედნის ნაწილი 2010 წელს ლევან ვარშალომიძის გადაწყვეტილებით, სიმბოლურ ფასად, 1 ლარად გასხვისდა.
მისი თქმით, საინვესტიციო ვალდებულებად კი იმ შენობის ფასადის რეაბილიტაცია ჩაიდო, რომლის მესაკუთრეც თავად ინვესტორი იყო.
„შადრევნის მიღმა 868 კვ.მ. 2010 წელს აჭარის უმაღლესი საბჭოს მაშინდელმა თავმჯდომარემ ლევან ვარშალომიძემ ერთ ლარად გაასხვისა. პირობა იყო ერთადერთი, რომ ვინც ერთ ლარად შეიძინა, მას თავის საკუთრებაში არსებული შენობის ფასადის რემონტი, რეაბილიტაცია უნდა განეხორციელებინა. ვის გამო მოხდა ასეთი ძვირადღირებული ქონების გადაცემა, აქ ძალიან ბევრი საკითხი არის და კითხვის ნიშნები დგას. რა თქმა უნდა, პასუხი უნდა გასცეს ვარშალომიძემ, რადგან ზოგადად, მსოფლიოში არსად, ქალაქის ცენტრალური მოედნის ნაწილს 50 ცენტად, ალბათ არ ასხვისებენ“, - განაცხადა ლადო მგალობლიშვილმა.