შალვა პაპუაშვილის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის საკითხზე საგამოძიებო კომისიის შექმნა ოპოზიციას პოლიტიკური ტემპერატურის ასაწევად სჭირდება. პარლამენტის თავმჯდომარე აღნიშნავს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ იძულებულია მიხელ სააკაშვილის თემის ტყვეობაში იყოს.
„საგამოძიებო კომისიის შექმნის ჩანაფიქრი გასაგებია, მათ ამ საკითხთან დაკავშირებით პოლიტიკური ტემპერატურის აწევა სურთ. ამას ვამბობდი, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ სამწუხაროდ პოლიტიკური დისკუსიისთვის საკუთარ თავს ჩიხში აყენებს, მათ შორის სააკაშვილის საკითხით. ისინი ვერა და ვერ გამოდიან იმ გავლენისგან, რომელიც მათ ლიდერს პარტიაში აქვს და შესაბამისად, იძულებულები არიან ყოველ დღე თემად აქციონ სააკაშვილის საკითხი და აქედან გამომდინარე ზღუდავენ თავის თავს და ზოგადად, პოლიტიკურ დისკუსიას. ეს არის ჩიხი. „ნაციონალური მოძრაობა“ იძულებულია რომ მიხელ სააკაშვილის თემის ტყვეობაში იყოს“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა გადაცემა „იმედი LIVE“-ში.
ბიუროს სხდომაზე მიხეილ სააკაშვილის საქმეზე დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის მოთხოვნით პარლამენტის დადგენილების პროექტი დაინიცირდა.