„პირდაპირ ვხედავთ კოალიციას „ნაციონალურ მოძრაობასა“ და გახარიას გუნდს შორის - ბევრმა რამემ საკუთარი თავი აჩვენა. სამწუხაროა ის პროცესი, რაც ვნახე - ჯერ გახარიას გუნდისგან განდგომა და მერე გუნდის წინააღმდეგ ბრძოლა. ეს არ იყო ღირსეული ნაბიჯი“, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.
„როდესაც გიორგი გახარია გუნდიდან წავიდა მაშინაც ვამბობდით, რომ „ქართულ ოცნებას“ გამოარჩევს ერთი რამ - ამ გუნდში არის ბევრი ლიდერი, რომელსაც შეუძლია გაწიოს ლიდერობა სხვადასხვა მიმართულებით და სწორედ ეს არის, რამაც ჩვენი გუნდი გააძლიერა. მას შემდეგ, რაც ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკიდან გავიდა, ადამიანი, რომლის ფაქტორი იყო განმსაზღვრელი „ქართულ ოცნებაში“, პარტიისთვის მნიშვნელოვანი იყო სწორედ გუნდზე და არა ინდივიდზე დაყრდნობა და სწორედ ამ გუნდურობამ საბოლოო ჯამში მოგვიტანა ის შედეგები, რაც ჩვენ გვაქვს“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.