logo_geo
eng_logo
იოსებ არჩვაძე: 2022 წლის იანვრის მონაცემები - ექსპორტი, იმპორტი და ბრუნვა მნიშვნელოვნად სჭარბობენ პანდემიამდელი 2019 წლის იანვრის მაჩვენებლებსაც
- +

21 თებერვალი. 2022. 13:13

 

 

„საქართველოს ეკონომიკამ 2022 წელი დინამიურად დაიწყო, რაც დასტურდება საგარეო ეკონომიკური აქტიურობებით, ექსპორტისა და იმპორტის საგრძნობი ზრდით. ექსპორტი (331.3 მლნ აშშ დოლარი) წინა წლის იანვართან გაიზარდა 47.6 პროცენტით, იმპორტი (779.1 მლნ აშშ დოლარი) – 38.7 პროცენტით. იანვრის თვის მიხედვით, საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (1110.5 მლნ. აშშ დოლარი) პირველად გადალახა მილიარდიანი მიჯნა და წინა წელთან შედარებით 41.2 პროცენტით გაიზარდა. 2022 წლის იანვრის მონაცემები - ექსპორტი, იმპორტი და ბრუნვა არა მარტო აღემატებიან წინა, 2021 წლის იანვრის, არამედ მნიშვნელოვნად სჭარბობენ 2020 წლის და პანდემიამდელი, 2019 წლის იანვრის მაჩვენებლებსაც“, – ასე გამოეხმაურა ეკონომიკის ექსპერტი იოსებ არჩვაძე საქსტატის მიერ გამოქვეყნებულ საგარეო ვაჭრობის მაჩვენებლებს.

 

თავის ფეისბუქ-გვერდზე ექსპერტმა აღნიშნა, რომ 2022 წლის იანვარში გრძელდებოდა საგარეო სავაჭრო აქტიურობის წინმსწრები ზრდა ეკონომიკის ასევე საკმაოდ მაღალ ზრდასთან შედარებით. მისი თქმით, აღნიშნულმა პროცესმა ადეკვატური ასახვა ჰპოვა შესაბამის ინდიკატორებშიც: 2022 წლის იანვრის სავაჭრო ბრუნვის თანაფარდობამ წინა, 2021 წლის საშუალოდ ერთი თვის მშპ-თან - 74.4 პროცენტი, მათ შორის ექსპორტის თანაფარდობამ - 22.8 პროცენტი შეადგინა. ეს საგრძნობლად აღემატება ერთი წლის წინანდელ ანალოგიურ მაჩვენებლებს (შესაბამისად, 60.0% და 17.3%).

 

„ისტორიულად, როგორც წესი, საგარეო ეკონომიკური აქტიურობა იანვარში რამდენადმე უფრო დაბალია წინა წლის დამამთავრებელ თვესთან - დეკემბერთან შედარებით. ამ ფონზე საქართველოს 2022 წლის ექსპორტის თანაფარდობა წინა წლის დეკემბრის მაჩვენებელთან საუკეთესოა ბოლო 5 წლის (2017 წლიდან), ხოლო იმპორტისა, შესაბამისად - ბოლო 15 წლის (2007 წლიდან) მიხედვით. 2022 წლის იანვარში საქართველოს საგარეო სავაჭრო ურთიერთობა ჰქონდა 115 სახელმწიფოსთან, ამასთან, მისი საგარეო სავაჭრო ბრუნვის და ექსპორტ-იმპორტის დაახლოებით 42-42 პროცენტი მის უშუალო სახმელეთო მეზობლებზე (თურქეთი, სომხეთი, აზერბაიჯანი, რუსეთის ფედერაცია) მოდიოდა. ადგილობრივი ექსპორტი (231.5 მლნ. აშშ დოლარი) იანვარში 39.1 პროცენტით გაიზარდა და მთელი ექსპორტის 69.9 პროცენტი შეადგინა. მისი დონე საგრძნობლად უსწრებს პანდემიანდელი წლების იანვრის მაჩვენებლებს (2020 წ.-თან: +30%, 2019 წ.-თან: +47%). 2022 წლის იანვრის საშუალო სადღეღამისო ექსპორტი წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 3.5 მლნ აშშ დოლარით, მათ შორის ადგილობრივი ექსპორტი - 2.1 მლნ. აშშ დოლარით აღემატება. ექსპორტის ასეთი ზრდა გამოიხატება ექსპორტის მოცულობების ზრდაში როგორც გეოგრაფიის (- ქვეყნების), ისე სასაქონლო ნომენკლატურის მიხედვით“, - აღნიშნავს ექსპერტი.

 

ექსპორტის იმპორტთან წინსწრები ზრდის გამო ექსპორტით იმპორტის გადაფარვა წინა წლის იანვართან შედარებით გაიზარდა 2.6 პუნქტით და 42.6 პროცენტს მიაღწია. ამით მან საგრძნობლად გადაუსწრო პანდემიამდელი წლების იანვრის ანალოგიურ მაჩვენებლებსაც (2020 წ. – 41.5%, 2019 წ. – 38.1%).

 

უმსხვილესი საექსპორტო პროდუქციის - სპილენძის მადნებისა და კონცენტრატების (66.3 მლნ აშშ დოლარი) წილად მოდის მთლიანი ექსპორტის 20.0% და ადგილობრივი ექსპორტის 28.7 პროცენტი; იმპორტირებული პროდუქციის უმსხვილესი ნომენკლატურის - ნავთობპროდუქტების (72.4 მლნ აშშ დოლარი) წილად მოდის მთელი იმპორტის 9.3 პროცენტი, ხოლო მთლიანად ენერგორესურსების იმპორტის წილად (ნავთობპროდუქტები, ნავთობის აირები, ელექტროენერგია, ქვანახშირი, etc.) – დაახლოებით 20.0 პროცენტი. გასული წლის იანვართან შედარებით ენერგორესურსების იმპორტის მოცულობა გაზრდილია დაახლოებით 2/3-ით.

 

იოსებ არჩვაძის ინფორმაციით, იზრდება საქართველოს სატრანზიტო ფუნქციისა და რეგიონული ჰაბის როლიც და მნიშვნელობაც. რეექსპორტმა იანვარში 99.8 მლნ აშშ დოლარს მიაღწია და გასული წლის დონეს 72.1 პროცენტით გადააჭარბა. ამასთან, რეექსპორტის თითქმის 2/5 მსუბუქ ავტომობილებზე მოდის.

 

„საქართველოს წარმატებული საგარეო სავაჭრო ეკონომიკური ექსპანსია, აგრეთვე ქვეყნის ტრანზიტული ფუნქციის, რეექსპორტის ზრდა ძირითადად მიღწეულია ქვეყნის ხელისუფლების მიერ ბიზნესის ხელშეწყობისა და კონკურენტუნარიანობის გაძლიერებისათვის გატარებული აქტიური და თანმიმდევრული ეკონომიკური პოლიტიკით“, - წერს იოსებ არჩვაძე საკუთარ ფეისბუქ-გვერდზე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner