„მინდა, კიდევ ერთხელ მოგიწოდოთ, მხარი დაუჭიროთ საქართველოს ნათელ მომავალს, გაფერადებულ, აგუგუნებულ საქართველოს, დავდგეთ ერთ მუშტად შეკრულნი და უზრუნველვყოთ ჩვენი შვილების უკეთესი მომავალი," - ამ სიტყვებით მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს თავმჯდომარემ, გიორგი კვირიკაშვილმა კახეთის მოსახლეობას, რომელსაც რეგიონის მაჟორიტარობის კანდიდატები წარუდგინა.
მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ თავადაც ამ კუთხის შვილია და რეგიონის კიდევ ერთი, უმანდატო მაჟორიტარი იქნება.
"მეამაყება, რომ ვარ კახელი, რომ ვარ ამ ამაყი, წელში მოუდრეკელი ხალხის წარმომადგენელი. დღეს უდიდესი პატივი მხვდა წილად - ვარ საქართველოს პრემიერ-მინისტრი. მე ვიქნები მთელი საქართველოს, მაგრამ, რა თქმა უნდა, კახელების ინტერესების დამცველი, კიდევ ერთი უმანდატო მაჟორიტარი საქართველოს პარლამენტში, უკვე საქართველოს მთავრობიდან, მთელი საქართველოს, მაგრამ რა თქმა უნდა, თქვენი ინტერესების გამომხატველი", - მიმართა პრემიერმა კახეთის მოსახლეობას.