logo_geo
eng_logo
გიორგი კვირიკაშვილი: დღეს სათქმელი და საამაყო ნამდვილად გვაქვს!
- +

5 აგვისტო. 2016. 21:52



საქართველოს პრემიერ-მინისტრმა "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს თავმჯდომარემ, გიორგი კვირიკაშვილმა კახეთის მოსახლეობას რეგიონის მაჟორიტარობის კანდიდატები წარუდგინა.


გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, რომ კახეთის სიძლიერე მთელი საქართველოს სიძლიერეა და როცა კახეთი მყარად დგას ფეხზე, მაშინ საქართველო ყოველთვის წელში გამართულია.


პრემიერმა 2012 წელი გაიხსენა, როდესაც კახეთში ქუდზე კაცი გამოვიდა და მხარი დაუჭირა ,,ქართულ ოცნებას".


"მაშინ, ბიძინა ივანიშვილის მეთაურობით, ჩვენ, ყველამ ერთად, მოვიგეთ მნიშვნელოვანი ბრძოლა, და ეს იყო ბრძოლა ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი საქართველოსთვის! ამ 4 წელიწადში ჩვენ ძალიან ბევრი ვიმუშავეთ იმისთვის, რომ ჩვენი ხალხის მდგომარეობა უკეთესობისკენ შეგვეცვალა. ყველამ იცით, რა დაგვხვდა ხელისუფლებაში როცა მოვედით - დაშინებული საზოგადოება, ხელისუფლებისგან მიტოვებული, უექიმოდ და უწამლოდ დარჩენილი ადამიანები, მძიმე მდგომარეობაში მყოფი გლეხი და აღარ გავაგრძელებ იმ ყველაფრის ჩამოთვლას, რაც ჩვენ ყველამ ერთად გამოვიარეთ. დღეს ჩვენი ხალხი თავისუფალია, ყველას შეუძლია, მოსთხოვოს მთავრობას კიდევ უფრო მეტი, დღეს აღარ არსებობს ხელისუფლების ძალმომრეობის შიში. ეს სულ ახლახან ხდებოდა, მაგრამ მიუხედავად ამისა, ჩვენ დავძლიეთ მძიმე წარსული და ვფიქრობთ მომავალზე, ქვეყნის შენებაზე. ჩვენ ხალხს მივეცით ყველაზე მთავარი, რაც სახელმწიფოსგან სჭირდება ადამიანს - ღირსეული მოპყრობა, დაფასება, ზრუნვა", - განაცხადა პრემიერმა.


გიორგი კვირიკაშვილის თქმით, ხელისუფლებამ გააკეთა მაქსიმუმი, თუმცა, ერთდროულად ყველა პრობლემა ვერ მოგვარდებოდა.



"თუმცა, დღეს სათქმელი და საამაყო ნამდვილად გვაქვს - ჩვენ ადამიანების სიცოცხლე გადავარჩინეთ - არ მეგულება არც ერთი ოჯახი, რომელმაც თავის თავზე არ გამოსცადა, რას ნიშნავს, როდესაც მკურნალობა გჭირდება და იმაზე არ გაქვს საფიქრალი, საიდან მოიტანო მკურნალობისთვის საჭირო ფული; არ მახსენდება ხალხის სხვა ისეთი გვერდში დგომა, როგორიც ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა გაუწია კახელებს სტიქიის დროს და მთლიანად აუნაზღაურა სტიქიით გამოწვეული ზარალი; აღარაფერს ვიტყვი დამუშავებულ მიწებზე და გლეხობისთვის გაწეულ სხვა დახმარებაზე, რთველზე და მილიონობით შემოსავალზე, რომელიც კახეთმა მიიღო ბოლო სამი წლის განმავლობაში. ვაზი და ვენახი წმინდაა ქართველი კაცისთვის, და ჩვენ განსაკუთრებულად ვზრუნავთ სწორედ მევენახეობაზე. ეს არის ჩვენი ფესვები, ჩვენი სამშობლოს სიძლიერე, სიმბოლო და ჩვენ ვალდებული ვართ შევინახოთ, გავაგრძელოთ და შვილებს გადავცეთ მამა-პაპათა ტრადიციები", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner