დავით ზალკალიანმა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენცია შეაჯამა. ამ თემაზე ვიცე-პრემიერმა და საგარეო საქმეთა მინისტრმა „ქრონიკაში“ ისაუბრა. ზალკალიანმა აღნიშნა, რომ წელს კონფერენცია უჩვეულო ფორმატში ჩატარდა და უკრაინის კრიზისის გამო განსაკუთრებული დაძაბულობის ფონზე მიმდინარეობდა.
„როდესაც ასეთი დაძაბული ფონი არის და ფოკუსი არის ერთ ქვეყანაზე და ამ კრიზისული სიტუაციის განმუხტვის გზებზე, ბუნებრივია, ჩვენთვისაც მნიშვნელოვანი იყო ჩვენი მკაფიო პოზიცია ყოფილიყო წარმოჩენილი ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციასთან, სამშვიდობო ინიციატივებთან მიმართებაში დაკავშირებით, სამხრეთ კავკასიაში საქართველოს როლისა და ფუნქციის უკეთ წარმოჩენის თვალსაზრისით შესაძლებლობა ყოფილიყო მაქსიმალურად გამოყენებული. ვფიქრობთ, ჩვენმა დელეგაციამ პრემიერ-მინისტრის მეთაურობით, წარმატებით გაართვა ამას თავი. კიდევ ერთხელ ხაზს უსვამ, იმის მიუხედავად, რომ მთლიანი კონფერენციის ყურადღება უკრაინაზე იყო გადატანილი, ცალკე პანელური დისკუსია დაეთმო სამხრეთ კავკასიას, საქართველოს და გვქონდა შესაძლებლობა ამ დისკუსიის ფარგლებში, რომელიც საკმაოდ წარმომადგენლობითი იყო, გვესაუბრა პრემიერ-მინისტრის ინიციატივაზე სამხრეთ კავკასიის შესახებ და შევეცადეთ ჩვენი ქვეყნის ფუნქცია და როლი წამოგვეწია, რადგან სწორედ ეს გვაძლევს საშუალებას მინიმუმამდე დავიყვანოთ ის საფრთხეები, რომელთა წინაშეც ჩვენ ქვეყანა დგას“, - განაცხადა ზალკალიანმა.