logo_geo
eng_logo
7 ნოემბრის დაზარალებული: შიშით ექიმთან ვერ მივდიოდი, ჩუმად ვმკურნალობდი სახლში
- +

21 თებერვალი. 2022. 19:19

 

 

2007 წელს აქციის ძალადობრივად დაშლის დროს დაშავებული დავით ახრახაძე ამბობს, რომ 7 ნოემბერს მას ე.წ. რობოკოპები, რომლებიც ხელისუფლებამ მოქალაქეთა დასაშლელად გაიყვანა, ფიზიკურად გაუსწორდნენ. ახრახაძე ამ საქმეზე ერთ-ერთი მოწმეა, საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი კი - ბრალდებული.

 

დაზარალებულმა სასამართლო სხდომაზე თქვა, რომ ის იმ დღეს სახლში იყო და ქალაქის ცენტრში მას შემდეგ გადაწყვიტა გასვლა, რაც გაიგო, რომ იწყებოდა აქციის დაშლა, რომელზეც ომის ვეტერანებიც იყვნენ.

 

„(ომის ვეტერანი ვარ) მე ფეხი არ მაქვს, ჩქარა სიარული არ შემიძლია, ვერ გავიქცევი, მეორე ბიჭი უხელო იყო, არცერთი ხელი არ აქვს, ომში დაკარგა. ვერ გავიქეცით, (კონკიდან სანაპიროს ჩასახვევამდე) ნელ-ნელა მივდიოდით. ამ დროს ვიღაც კაცს გამოეკიდნენ, რომელმაც ჩვენკენ ჩამოირბინა და აღმოვჩნდით (რობოკოპების) წინ. ნამდვილად უყურებდნენ ისინი იმას, რომ მე ვკოჭლობდი და ჩემ გვერდით მდგომს ხელები არ ჰქონდა.

 

ქართულად როგორც იციან ხოლმე, ხელები ავუწიეთ, არაფერი გვიქნია, ვის ჰქონდა თავი მოსაკლავი, ორი ინვალიდი ვიდექით. პირველები ვინც მოვიდნენ, არაფერი არ თქვეს, დანარჩენები რო მოვიდნენ, უკანა რიგებიდან რკინის ჯოხები წამოვიდა თავში.

 

(ფეხზე) მყარი მასალის პროთეზი მაქვს და ეგეც დაჩეჩქვილი იყო, რომ ვნახე - შეგვდგნენ ზედ, რამდენიც იყვნენ, ოცზე მეტი იქნებოდნენ. გვცემეს, სადამდეც შეეძლოთ. პირველად მე წავიქეცი და ეს ბიჭი ზედ გადამეფარა... ეს იყო გავეშებული ბრბო. მერე ვიღაც გოგო შემოვარდა და მე და თემურის გადაგვეფარა, ხმას ვეღარ ვიღებდით - მკვდრები ვეგონეთ და (მაგის გამო) დაგვანებეს თავი", - თქვა 7 ნოემბრის დაზარალებულმა.

 

მისივე სიტყვებით, ის სასწრაფო დახმარების ექიმებმა საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც დადგინდა, რომ ჰქონდა თავი გატეხილი, ნეკნები ჩამტვრეული და ტვინის შერყევა.

 

„სიტუაცია ისეთი იყო, რომ შეიძლება იქაც მოვეკალი და გამოვიპარე და რამდენიმე კვირა ჩუმად ვმკურნალობდი სახლში... იმის მერე სამი კვირა სავარძლიდან ვერ ვდგებოდი, შიშით ექიმთანაც ვერ მივედი, არ მინდოდა სადმე დავფიქსირებულიყავი. რომ გავიგე ჩემს ახლობელს ტვინის შერყევა ჰქონდა, რა წამლებიც მას ჰქონდა გამოწერილი, იმას ვსვამდი", - თქვა მან.

 

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა ბექა ბასილაიამ ამ ისტორიის მოსმენის შემდეგ დაზარალებულს ჰკითხა, საავადმყოფოში ან სასწრაფო დახმარების მანქანაში მისი სიცოცხლის საზიანოდ ვინმე ხომ არ მოქცეულა. ამაზე დაზარალებულმა თქვა, რომ - არა.

 

თავად საქმის ბრალდებული მიხეილ სააკაშვილი სასამართლო სხდომის ამ ნაწილს აღარ ესწრებოდა. მას შემდეგ, რაც მან სიტყვა წარმოთქვა, სხდომათა დარბაზი დატოვა. სწორედ ამის შემდეგ დაიწყო დაზარალებულების დაკითხვა.

 

საქართველოს მესამე პრეზიდენტი 2021 წლის 1 ოქტომბრიდან პატიმრობაშია. მას დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემისა და სანდრო გირგვლიანის საქმეში ბრალდებულების შეწყალების საქმეზე პატიმრობა აქვს მისჯილი. ახლა სასამართლოში ერთმანეთის პარალელურად იმართება სამი საქმე: საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის, 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის ძალადობრივად დაშლისა და საქართველოში უკანონოდ შემოსვლის შესახებ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner